„საქართველოს ბანკი“ სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიათა ბრალდებებს უარყოფს

  • 17 აპრილი 2013, 14:05
  • 1828

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური მომენტალური გადახდის ტერმინალების ბიზნესის წარმომადგენელთა პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ორი კომპანიის მოსაზრებებზე მეტად მომხმარებლის შეფასებით ინტერესდება.

როგორც ირაკლი გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, "საქართველოს ბანკი" სწრაფი გადახდის ბიზნესში კონკურენციის წესების დაცვით მოქმედებს და მომხმარებლის მიზიდვას საუკეთესო შეთავაზებებით ცდილობს.

"მე მაინტერესებს, ის, თუ რას ფიქრობს ჩვენი მილიონი მომხმარებელი და არა ის – რას ფიქრობს ორი კომპანია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ Expresspay-თ სარგებლობის შემთხვევაში საკომისიო გადასახადი 0%-ია,“ - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

მისი თქმით, „საქართველოს ბანკი" სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესში რომ არ ჩართულიყო, დღეს მომხმარებელს მობილურის ბალანსის შევსებისას 4%-ს გადახდა მოუწევდა.

„Express pay-ს ბიზნესი ჯამში მომგებიანია. ჩვენ ვუყურებთ ჯამურ მოგებას და არა - მოგებას კონკრეტულ პროდუქტზე", - აღნიშნა ირაკლი გილაურმა.

ამასთან, როგორც გილაური აღნიშნავს, „ნოვა ტეხნოლოჯისა და შპს „მგგს საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 0%-იანი შეთავაზება მხოლოდ თბილისში მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, Express pay-თ სარგებლობისას რეგიონების მოსახლეობას საკომისიო ასევე არ ეჭრება.

გილაური „მეტრომანის“ სისტემასთან დაკავშირებითაც აკეთებს განმარტებას და აცხადებს, რომ ეს პროექტი "საქართველოს ბანკმა" ტენდერის გამარჯვებით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სწრაფი გადახდების სისტემაში ჩართული კომპანიები „ნოვა ტეხნოლოჯი“ და შპს "მგგს საქართველო" "საქართველოს ბანკს" მომხმარებლისთვის შეთავაზებული დემპინგური ფასებით გადახდების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენროგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, „საქართველოს ბანკმა“ ხელოვნური გზით დააწესა სწრაფი გადახდის აპარატებზე ჩარიცხვის მომსახურების 0%-იანი ტარიფი, რათა ბაზრის ექსპანსია მოეხდინა და მოქმედი 2 ათასამდე კომპანია ამ ბაზრიდან გაეძევებინა.

სხვა სიახლეები