რამდენი ლარია ახალი მინისტრების ხელფასები

  • 27 მარტი 2013, 16:41
  • 1835

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ დღეს მინისტრები 2-ჯერ ნაკლებ ანაზრაურებას იღებენ, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

როგორც მინისტრი ამბობს, უკანონო მოქმედებები, რომ არ გაგრძელებულიყო, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მინისტრები  დადგენილ ზღვარზე მეტი თანხის აღებას ვერ შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრის 15 მარტის, N53 ბრძანების თანახმად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი თითოეულს თვეში 4335 ლარის ოდენობით.

როგორც ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) განმარტავს, პრემიერის N53   ბრძანებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან საქართველოში მინისტრის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი  7875 ლარით განისაზღვრა, აქედან 3540 ლარი ხელფასია, ხოლო 4335 ლარი დანამატი.

კალაძის თქმით, წინა მთავრობის მინისტრების ანაზრაურება 10 000 ლარს აღემატებოდა. ”ამას გინდათ, ხელფასი, დანამატი ან პრემია დავარქვათ,” - აღნიშნავს კახა კალაძე.

  IDFI-ს მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს მინისტრს ყოველთვიურად დასაბეგრი შემოსავალი, როგორც ხელფასი, ასევე პრემია საშუალოდ 7372 ლარი ჰქონდა. მინისტრთა-კაბინეტის წვერებს შორის ყოველთვიურად ყველაზე ნაკლებ თანხას, 3540 ლარს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იღებდა, ხოლო ყველაზე მეტს, დაახლოებით 10 200 ლარს - სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა.  2012 წლის სრული მონაცემები IDFI-ს ჯერჯერობით არ გააჩნია.

სხვა სიახლეები