ავტორიზაციის საბჭო: სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის უწყვეტობა ჩვენს კომპეტენციაში არაა

  • 26 მარტი 2013, 18:55
  • 496

ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა სხდომაზე, სადაც აგრარული უნვიერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავენ, დადებითად შეაფასეს აგრარული უნვიერსიტეტის მიერ ხარისხი განვითარების ცენტრის შენიშვნების აღიარება და ის, რომ უნივერსიტეტში გარკვეული ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია.

საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ უნივერსიტეტმა დაამტკიცა პერსონალის შერჩევის ღია წესი. ამასთან, როგორც საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესიც შეიმუშავა.

სხდომაზე აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს თხოვნით მიმართეს, რომ ავტორიზაციის ხელახლა მინიჭების შემთხვევაში, უზრუნველყონ უკვე აკრედიტებული სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის უწყვეტობაც. აღნიშნულზე ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ხელმძღვანელმა დავით კახნიაშვილმა აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ სასწავლებლის ავტორიზაციასთან დაკავშირებით და მის კომპეტენციაში სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის უწყვეტობა არ შედის. კახნიაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტს მოუწოდა, ამ თხოვნით აკრედიტაციის საბჭოს მიმართონ.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე კახა ყურაშვილი არ ესწრება, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია იმართება. მათ განათლების სამინისტროსთან გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ, უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგეს და არა ხელახლა მიენიჭოს. რადგან, მათი თქმით, ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ უნივერსიტეტს 25 პროგრამაზე აკრედიტაცია ავტომატურად შეუწყდა. ავტორიზაციის ხელახლა მინიჭების შემთხვევაში კი აკრედიტაციის აღება 6 თვიან პროცესს მოიცავს, რაც სტუდენტების თქმით, სასწავლო წლის დაწყებას ხელს შეუშლის.

სხდომას არც აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე ესწრება.

სხვა სიახლეები