პირველკლასელთა რეგისტრაცია პირველი აპრილიდან იწყება

  • 22 მარტი 2013, 20:30
  • 4621

2013-2014 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი აპრილიდან აცხადებს.

სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი პირველი აპრილიდან ცხრამეტი აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლაში რეგისტრაცია მხოლოდ იმ მოსწავლეებისათვის განხორციელდება, ვისი და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, მათ შორის, ტყუპები, და–ძმები.

II ეტაპი, პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია, 25 აპრილიდან სამი ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

სპეციალური აპლიკაცია განთავსდება საიტებზე www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი სმს–ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცულებელია.

მშობელს სკოლის არჩევაში დაეხმარება ვებგვერდი www.catalog.edu.ge, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.

III ეტაპი 29 ივნისიდან ხუთი ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გათავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ.

მშობელს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სხვა სიახლეები