ღარიბაშვილი: „არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“

  • 18 მარტი 2013, 17:03
  • 4098

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილითან შეხვედრაზე უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ახალ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობეზე არიან დანიშნულები.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრის და მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდში, ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი კი გენერალური ინსპექციის უფროსია. ნადირაშვილის თქმით, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა თამარ თამაზაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის სიმამრის დაა.

ნადირაშვილის მიერ მაგალითების მოყვანის შემდეგ, ღარიბაშვილმა ამ გამოსვლას არასერიოზული უწოდა და იხუმრა:

„თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“,- განაცხადა ღარიბაშვილმა, რაზეც ნადირაშვილმა უპასუხა, რომ ეს „კახური სიბრძნეა“ და ის ამ „სიბრძნეს“ იცნობს.

„ეს კითხვა ჩემთვის არასერიოზულია. ჩემი სიმამრის და თავის დროზე გააგდეს სამსახურიდან. ახლა ეს ადამიანი აღადგინეს და მე თავის მართლება დავიწყო?“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობენ ოპოზიციის წარმომადგენლების ნათესავებიც.

ღარიბაშვილის თქმით, აკაკი მინაშვილის  და ჯერ კიდევ მუშაობს  მის სამინისტროში, ასევე მუშაობს მინაშვილის ცოლი. მინსიტრის თქმით, შს სამინისტროში დასაქმებულია იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის და. ღარიბაშვილის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის მთელი სანათესაოა დასაქმებული, ასევე მუშაობს ხატია დეკანოიძის მამა.

ღარიბაშვილს უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მინისტრის ნათესავების მისივე უწყებაში მუშაობა და ოპოზიციის წევრების ნათესავების სხვადასხვა უწყებებში მუშაობა ერთი და იგივე არ არის.

ამასთან გაბაშვილმა აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად შს მინისტრის ნათესავის დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტია, რადგანაც გენერალურმა ინსპექციამ რეალურად სამინისტრო უნდა აკონტროლოს.

თუმცა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად მისი ნათესავის დანიშვნაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ამ თანამდებობაზე ზვიად ჯანყარაშვილი იმის გამო დაინიშნა, რომ ის კარგი მენეჯერია და არა იმის გამო, რომ მინისტრის ნათესავია.

სხვა სიახლეები