სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა შესაძლოა შემცირდეს

  • 11 მარტი 2013, 19:10
  • 1523

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვიდან შესაძლოა 12 თვემდე შემცირდეს. პარლამენტში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის  მიხედვით, სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადის 15 თვემდე გაზრდამ ვერ უზრუნველყო გაწვეულ პირთა მომზადების დონის არსებითად გაუმჯობესება.  „შესაბამისად, დამატებით სამი თვის განმავლობაში  წვევამდელთა მომზადებისათვის ფინანსური, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების გამოყენება არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. ამასთან, სამსახურში გაწვევისა და მისი დასრულების დრო არ ემთხვევა ერთმანეთს და 15 თვიანი ვადის შემთხვევაში წლის ერთსა და იმავე დროს ვერ ხერხდება წვევამდელთა როტაცია, რაც აღნიშნული პროცესის დაგეგმვასა და მართვას ნაკელბად ეფექტიანს ხდის,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ქვეყნის მასშტაბით  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წლის განმავლობაში  ორ ეტაპად-გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს. კანონის მოქმედი რედაქციით, წვევავამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე 20 წლის ასაკამდე. ასევე, გაწვევის გადავადების საფუძველია საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორს საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს. დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში 15 თვის ვადით არიან გაწვეული.

სხვა სიახლეები