სოსო რობაქიძე: მაიზერ ლიპარტელიანი ყველაზე ნამუსიანი კაცი მეგონა

  • 21 თებერვალი 2013, 16:39
  • 1839

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ეხმაურება საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის მაიზერ ლიპარტელიანის მიერ ჩვენების შეცვლას და ამბობს, რომ ლიპარტელიანი საპატრულო პოლიციაში ყველაზე ღირსეული კაცი ეგონა. 

სოსო რობაქიძე იხსენებს, რომ მისი შვილის მკვლელობის შემდეგ მაიზერ ლიპარტელიანი მასთან სახლში მივიდა და ორი შვილი დაიფიცა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა და ბუტა რობაქიძე უმიზეზოდ იყო მოკლული. 

"მაიზერ ლიპარტელიანმა ბოლო 1 თვის განმავლობაში პროკურატურას 2-ჯერ მისცა ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილზე არანაირი იარაღი არ ყოფილა და გუშინ, როგორც გავიგე მიუცია ჩვენება, რომ იარაღები იქ იყო. თან ამბობს, რომ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც კადრები ნახა.  ამ კადრების ნახვა რაში სჭირდებოდა, როდესაც ოცეულის უფროსი იყო და შემთხვევის ადგილზე 5 წუთში მივიდა," - აღნიშნავს სოსო რობაქიძე. 

რაც შეეხება ზურაბ მიქაძის მიერ პოზიციის შეცვლას, სოსო რობაქიძე აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციაში ნამუშევარი კაცი როგორ შეიძლებოდა, გამომძიებელს მოეტყუებინა. 

მისივე თქმით, სწორედ ეს არის დონაძის, მიქაძის და სხვა ბრალდებულების გირაოთი გარეთ ყოფნის შედეგი, რადგან მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ. 

სოსო რობაქიძე ასევე აღნიშნავს, რომ სულ მალე პროკურატურა ბრალს ძალოვანი უწყების ერთ-ერთ მოქმედ თანამშრომელს ირაკლი წერეთელს წაუყენებს. სოსო რობაქიძის თქმით, გამოძიებამ იჩქარა, როდესაც ეს საქმე გახსნილად გამოაცხადა. მისი თქმით, ის ამას პროკურატურის შეცდომად არ მიიჩნევს, რადგან სამართლიანობის დროულად დადგენა საზოგადოების მოთხოვნა იყო. 

სხვა სიახლეები