ბედუკაძის ადვოკატებმა ვახტანგ ოქროპირიძის სატელეფონო ჩანაწერები გაავრცელეს

  • 18 თებერვალი 2013, 15:25
  • 3201

სკანდალური კადრების გამავრცელებლის ლადო ბედუკაძის ადვოკატებმა ლალი აფციაურმა და ელზა ჯმუხაძემ ყოფილი მსჯავრდებული ვახტანგ ოქროპირიძისა და მსჯავრდებული გიორგი ბუზალაძის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს.

აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ ოქროპირიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ყვება თუ როგორ გახდა ბედუკაძის თემით პოპულარული.

ადვოკატი ლალი აფციაურის თქმით, აღნიშნული აუდიო ჩანაწერი თავად მსჯავრდებულმა გიორგი ბუზალაძემ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში ტელეფონზე საუბრისას "ფლეიერით" ჩაიწერა, როდესაც იგი ვახტანგ ოქროპირიძეს ესაუბრებოდა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული "ფლეიერი" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაშვებულია.

"აუდიო ჩანაწერი ამ ერთი კვირის ინტერვალშია ჩაწერილი, მას შემდეგ რაც, ვახტანგ ოქროპირიძე გამოჩნდა ტელევიზიით, ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა მასალა, რომლის გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ისიც ასევე აუდიო ჩანაწერია" - განაცხადა ლალი აფციაურმა.

აფციაურის თქმით, ხვალ მთავარ პროკურატურაში აუდიო ჩანაწერს მიიტანს და ოქროპირიძეს ცილისწამებისთვის უჩივლებს. ვახტანგ ოქროპირიძემ რამდენიმე თვის წინ გიორგი ბუზალაძეს გაუპატიურების ბრალდებით მთავარ პროკურატურაში უჩივლა.

გათავისუფლებული მსაჯვრდებული ვახტანგ ოქროპირიძე ლადო ბედუკაძეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ ვახტანგ ოქროპირიძე "ნაციონალური მოძრაობისგან" იმართება.

სხვა სიახლეები