სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო

  • 12 თებერვალი 2013, 11:36
  • 1101

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბარათების დარიგებისთანავე 15 თებერვლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს ,,მექანიზატორი“ საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს დაიწყებს.

გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს შეხვდა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილე სასოფლო-სამეურნეო ბარათების გადაცემის პროცესსაც დაესწრო.

მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი, რომელიც საერთო ჯამში გათვალისწინებულია 640 000-ზე მეტი მიწის მესაკუთრისთვის, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

სხვა სიახლეები