„მაესტროს“ ახალი არხი მაუწყებლობას გაზაფხულიდან დაიწყებს

  • 14 იანვარი 2013, 12:12
  • 1327

ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი არხი „მაესტრო 24“ მაუწყებლობას გაზაფხულზე დაიწყებს. ამის შესახებ News.ge-ს „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა. მისი თქმით, „მაესტრო 24“ საერთო მაუწყებელი იქნება და საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად გასართობ-შემეცნებით და პოლიტიკურ თოქშოუებსაც შესთავაზებს მაყურებელს.

არხზე საკუთარი გადაცემა „მაესტროს“ ცნობილ სახეებთან ერთად ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძესაც ექნება, სახელწოდებით „ნანიკოს შოუ“. გადაცემას ძირითადად გასართობ-შემეცნებითი ხასიათი ექნება.

კიკაბიძის განცხადებით, არხზე პოლიტიკურ გადაცემებს წაიყვანენ „მაესტროს“ წამყვანები - თეა სიჭინავა და ნინო ჟიჟილაშვილი.

საკუთარი გადაცემა ექნება ტელეწამყვან შალვა რამიშვილსაც, თუმცა, კიკაბიძის განმარტებით, შოუს ფორმატი საბოლოოდ დადგენილი არ არის. „მაესტრო 24“ 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და მისი გადაცემა საკაბელო ტელევიზიებისა და სატელიტური თეფშების მეშვეობით მოხდება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ექნება მეორე არხიც, რომელიც მთლიანად საინფორმაციო შინაარსის იქნება და მხოლოდ ახალ ამბებზე იმუშავებს. ბაჩო კიკაბიძე არ გამორიცხავს, რომ ორივე არხზე საინფორმაციო პროგრამა ერთმა გუნდმა მოამზადოს.

გენერალურ დირექტორს უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, როდის გავა ახალი არხი ეთერში და ამბობს, რომ ეს ტექნიკურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

 შეგახსენებთ, რომ ახალი არხის შექმნის შესახებ "მაესტროს" დამფუძნებლებმა მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა 9 ნოემბერს განაცხადეს.

მათი თქმით, გადაწყდა ჰოლდინგის გაკეთება, სადაც იქნება ორი ტელევიზია და ორი რადიო - უკვე არსებულ „მაესტროს“ ტელევიზიასა და რადიოს დაემატება, კიდევ ერთი, საერთო მაუწყებლობის სახის ტელევიზია და გასართობი რადიო სახელწოდებით „ვინილის რადიო“.

 

 

სხვა სიახლეები