დავითაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური ამნისტიის მოთხოვნას სთავაზობს

  • 04 იანვარი 2013, 16:12
  • 1409

წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე პოლიტიკური ამნისტიის საკითხი იმ შემთხვევაში განიხილება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ამაზე მოთხოვნას გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ამნისტიის მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იმის აღიარება იქნება, რომ პარტიის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამნისტია პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ნიშნავს და არა იმის აღაირებას, რომ მსჯავრდებული უსამართლოდ იხდიდა სასჯელს.

როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, საპარლამენტო უმცირესობა არასწორი გზით მიდის, როდესაც საკუთარ რიგებში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

დეპუტატის განმარტებით, თუ არ მოხდება "ნაციონალების" მხრიდან იმის აღიარება, რომ ისინი ჩადენილი დანაშაულებებისთვის არიან დაკავებულები, არც პოლიტიკური ამნისტიის განხილვის საკითხი დადგება.

დავითაშვილის თქმით, პოლიტიკური ამნისტიის განხორციელებისთვის პროცედურულად საპარლამენტო უმცირესობამ მხოლოდ, ან უმრავლესობასთან ერთად უნდა მოახდინოს შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც შემდგომ პარლამენტი განიხილავს.

სხვა სიახლეები