ივანიშვილი სააკაშვილს საკუთარი მთავრობის დანიშვნის საშუალებას ართმევს

  • 28 დეკემბერი 2012, 14:33
  • 2349

საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განმარტავს.

უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების მომზადების მიზანი საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაა.

პროექტის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების უფლება ერთმევა. ”მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს შეუძლია, ნებისმიერ დროს, უმიზეზოდ, მოქმედი მთავრობა დაითხოვოს და თუ პარლამნეტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავრობის შემადგენლობა 3-ჯერ არ დაამტკიცა, მაშინ პრეზიდენეტს უფლება აქვს, მთავრობა თავად დანიშნოს და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება უკან დაიბრუნოს,” - ამბობს დავით უსუფაშვილი.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტს ახალი პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის უფლება არ აქვს. ამიტომ, თუ პრეზიდენტი მთავრობას ამ ვადის გასვლამდე დაითხოვს და მინისტრთა-კაბინეტის ახალ შემადგენლობას დანიშნავს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა იმუშავებს.

უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი იმ ნორმის გაუქმებასაც გულისხმობს, რომელიც პარლამენტის არჩევიდან 6 თვის და ასევე, პრეზიდენტის არჩევნებამდე 6 თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნას კრძალავს. ”ეს თითქოს პარლამნეტის დამცავი მექანიზმია, მაგრამ ამ მახინჯი კონსტიტუციიდან გამომდინარე ეს პრეზიდენტის ხელშემწყობი მექანიზმია, - აღნიშნავს უსუფაშვილი, - პრეზიდენტი არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში პარლამენტს ვერ დაითხოვს, არჩევნები არ ტარდება და ამიტომ, არჩევნებამდე შესაძლებელია, ქვეყანა პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა მთავრობამ მართოს. 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც რიგგარეშე არჩევნებიც პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის პირობებში ჩატარდება. ამიტომ კოალიციამ ამ პროცესის შეჩერება გადაწყვიტა,” - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებებს არ შეეხება. ”კოალიციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტს ვეუბნებით, დაიტოვოს ის, რაც დაცვისთვის სჭირდება. ასევე, ინიცირებული იყო კანონპროექტები, რომელიც პრეზიდენტის კომპეტენციის ნაწილს მთავრობას გადასცემდა, მაგრამ ამას აღარ გავაკეთებთ,” - ამბობს უსუფაშვილი.  

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამნეტში უკვე ინიცირებულია. 

სხვა სიახლეები