შსს: „ბანკ "ქართუს" გაკოტრების მიზნით დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა“

  • 17 დეკემბერი 2012, 15:46
  • 598

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკ "ქართუს" გაკოტრების მიზნით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებით და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში შეთანხმებულად და ორგანიზებულად ჩართული იყო ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და საქართველოს პრეზიდენტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. დანაშაულებრივი სქემა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება ბანკ ქართუს გაკოტრებას.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. შსს-ის მტკიცებით, ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკ ქართუს გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ფაქტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ ეპიზოდში ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

"2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ აგლაძეს. აღნიშნულმა პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში. ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს ინტერპლასტი, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, შპს სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები შპს ლოგოსი და ამხანაგობა თეთრი სახლი.“ - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

 



სხვა სიახლეები