აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს ბიუჯეტი შეუმცირდება

  • 14 დეკემბერი 2012, 13:54
  • 340

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თანამშრომლებს, აჭარის მთავრობა წლის განმავლობაში გაწეული და წინასაშობაო საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, გაწეული მუშაობისთვის, ფულად ჯილდოს გამოჰყოფს, რაც 145 ათას ლარს შეადგენს.

მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე, 17 განსახილველი საკითხიდან, პირველი აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს დაეთმო. დეპარტამენტის ფულადი ჯილდოთი წახალისების დამტკიცებას მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის განცხადებით, არ არის მიზანშეწონილი შტატგარეშე თანამშრომლების  ფინანსური წახალისება. შეგახსენებთ, რომ ტელე-რადიო დეპარტამენტის  243 თანამშრომლიდან, 193 შტატგარეშეა.

მთავრობის სხდომაზე, ტელე-რადიო დეპარტამენტის  ბიუჯეტის შემცირებული ვარიანტიც განიხილეს. ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტი დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ქავთარაძემ წარადგინა. ტელე-რადიო დეპარტამენტის ბიუჯეტი 923 ათასი ლარით შემცირდა და საბოლოო ჯამში,              4 მილიონ 795 ათასი  შეადგინა. დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირების ძირითადი ნაწილი, მივლინებების გაუქმებაზე მოდის.

აჭარის მთავრობის სხდომა, ამ წუთებშიც, დახურულ კარს მიღმა  მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხს განიხილავენ. სხდომაზე, აჭარის 2013-2016 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავენ. გარდა ამისა, მთავრობის  წევრები ტურიზმის  საინფორმაციო-სარეკლამო სისტემის შექმნის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და სამინისტროების დებულებებში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავენ. 

სხვა სიახლეები