„ნაპა ვალე“ ან “მიშელინის ვარსკვლავით“ დაჯილდოვებული რესტორნების ველი

  • 30 ოქტომბერი 2012, 13:45
  • 2688

„Napa Valley“  (ნაპას ველი)   არის კალიფორნიის  შტატის  ნამდვილი „მარგალიტი“. კალიფორნიის  შტატში  აწარმოებენ  ცნობილ  ამერიკულ ღვინოს  და „ნაპას  ველი“ ამ კუთხით  გამოირჩევა. 

„Napa Valley“  მარტო ღვინით არ არის ცნობილი. აქ  არის  განლაგებული  ოცდახუთამდე   გამორჩეული  რესტორანი რომელიც, სხვა  და სხვა  წლებში, დაჯილდოვებული იყო  ერთი ან მეტი „მიშელინის  ვარსკვავით“.

ერთ - ერთი ვერსიის მიხედვით,   სახელი  "Napa" წარმოიშვა  ადგილობრივი  ინდიელი ტომის "Wappo" დასახელებიდან.  ველი,  რომლის სიგრძე არის  მხოლოდ 48 კილომეტრი,  შეიძლება  იამაყოს თავისი ისტორიით,  არაჩვეულებრივი  ღვინითა  და, რაც  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მრავალი მსოფლიო  დონის  რესტორნით.

პირველი ვენახი  ნაპას  ველზე გაშენდა მხოლოდ  1965 წელს, რობერტ მონდავის  მიერ.  1976 წელს  პარიზის  სადეგუსტაციო   სალნზე  კალიფორნიულმა შარდონემ (Chardonnay)  და კაბერნე სოვინიონმა (Cabernet Sauvignon)  დაიმსახურეს უმაღლესი ჯილდო, რამაც მისცა მეღვინეობის  განვითარებას  დამატებითი  ბიძგი. დღეს - დღეობით, ნაპას  ველზე არის  სამასამდე მსხვილი ღვინის  მწარმოებელი.

თქვენი  მონამორჩილი  გახლდათ ორ ასეთ რესტორანში  „ბოტეგაში“ (Bottega) და “ფრენჩ  ლაუდრიში“ (French Laundry). მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული  შთაბეჭდილებები.

„ბოტეგას“   მფლობელი და შეფ- მზარეული არის   ამერიკაში  ცნობილი  „კულინარიის  ოსტატი“, მიქაელ  ჩიარელო (Michael Chiarello).

1982 წელს ჩიარელომ  დაამთავრა  ცნობილი  ამერიკის  კულინარიის   ინსტიტუტი,  რომელიც განლაგებულია  ასევე  „ნაპა  ვალეში“, სადაც  სრული კურსის  დამთავრების  საფასური  აღემატება  90 ათას  ამერიკულ დოლარს.  ჩიარელოს მშობლები  იყვნენ  ღვინის  მწარმოებლები და  წარმოშვებით  იტალიელმა  მზარეულმა,  გააგრძელა  ოჯახური ტრადიცია და დაამატა  ბიზნესს  რესტორანი.  მინდა  ავღნიშნო რომ  ამერიკელები არიან  ნებისმიერი  ბიზნესის  „მარკეტინგული შეფუთვის“ დიდოსტატები.  

რესტორანი „ბოტეგა“ არ წარმოადგენს  გამონაკლისს.  რესტორანთან  არსებობს  საკმაოდ  დიდი მაღაზია  რომელიც ვაჭრობს  „ათასი წვრილმანით“ (სამზარეულოს  ხელსაწყოები,  ჭურჭელი,  კულინარული  წიგნები და ა.ს.). ამავდროულად,   „ბოტეგასთან“  არსებობს  სადეგუსტაციო  დარბაზი სადაც სტუმარს  შეუძლია  დააგემოვნოს  ჩიარელოს  „საბრენდო ღვინო“.

რესტორანი  სულ  სავსეა.  აქ ჩამოდიან არა მხოლოდ  სან-ფრანცისკოს  მკვიდრნი (სან ფრანცისკოდან  ნაპა  ველემდე  ერთი საათის  სავალია)   და  ამერიკელები სხვა და  სხვა  კუთხიდან,  არამედ  მსოფლიოს  მრავალი ქვეყნის  „გურმანები“.  

სადილზე   შემომთავაზეს კარამელიზირებული გარეული ბროკოლი ფორთოხლის სოუსით,  საქონლის რიბსები დემი გლასის  სოუსითა  და  კარამელიზირებული  მჟავე კიტრით და სიმინდის  ფქვილის  ბურთულებით და დესერტზე  სპონჯ  კეიკი,  ათქვეფილი ნაღებითა და  მარწყვით.  

სადილზე  გახლდით  ორ ცნობილ  მზარეულთან  არმან   არნალთან (საფრანგეთი)  და  ჯონი - მარცუს  კრეკთან (პალესტინა).  არმანი არის  მიშელინის ვარსკვლავის  მფლობელი,  კრეკი კი პალესტინელი  - ქრისტიანი  შეფ მზარეულია, რომელსაც ხშირად  იწვევენ იორდანიის  მეფის კარზე.

პირველი კერძი, ანუ  გარეული ბროკოლი,  იყო  აშკარად  უგემური. მას დაჰკრავდა  დამწვარი შაქრის გემო  და  გემრიელმა სოუსმაც  კი ვერ  გამოასწორა  „სავალალო ვითარება“.  ჩემმა მეგობრებმა  სრულიად გაიზიარეს  ეს შეფასება.

სამაგიეროდ, საქონლის  ნეკნებმა   დაგვიბრუნა „ამაღლებული განწყობა“.  ხორცი  გამოირჩეოდა  სინაზით და  დახვეწილი  გემოთი. დემი - გლასის სოუსი  (ფრანგული სოუსი რომელიც მზადდება  ლულოვანი  ძვლების  სქელი  ბულიონის  საფუძველზე) იყო ოსტატურად  შესრულებული და აღინიშნებოდა დახვეწილი და დაბალანსებული   გემოვნური  თვისებებით. დაბალანსებული  სოუსი  ნიშნავას იმას, რომ არც ერთი   ინგრედიენტის  გემო არ  არის  გამოკვეთილი. ესეთი კერძების ან სოუსების „გაშიფრვა“ არის  საკმაოდ  რთული.  ჩემთვის  სრული აღმოჩენა  გახლდათ  კარამელიზირებული  მჟავე  კიტრი. სიმჟავისა და სიტკბოს  კონტრასტული გემო  ძალზე მოუხდა საქონლის  ხორცს.  სიმინდის  ფქვილის  ბურთულები ასევე  იყო  გემრიელი. ისინი  მახსენებდნენ  ნაზი ტექსტურის მჭადს.  

დესერტი,  ჩემი  აზრით, იყო  ძალზე მარტივი, როგორც შესრულების კუთხით, ასევე გემოვნური თვისებებით  და გაფორმებით. სპონჟ კეიკი (თხელი  ტორტის  ბისკვიტი,  ცხიმის დამატებით)   ათქვეფილი ნაღებით, მარწყვით  და პიტნის  ქორფა  ფოთლებით გაფორმებული. სულ ეს არის. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ  ბოტეგაში  მოველოდი უფრო „საინტერესო“ შემოთავაზებას.

 

ბოტეგადან გადავინაცვლეთ  ფრენჩ ლაუნდრიში.

ფრენჩ ლაუნდრი  არის  ერთ-ერთი ყველაზე  ცნობილი რესტორანი  შეერთებულ შტატებში, რომელმაც  2006 წელს მოიხვეჭა  მესამე  მიშელინის  ვარსკვლავი და 2003 და 2004 წლებში  იყო დასახელებული როგორც მსოფლიოს  საუკეთესო რესტორანი ჟურნალ  „რესტორან მაგაზინის“  მიერ ( Restaurant Magazine)  

რესტორანი  დააარსა  ცნობილმა  ამერიკელმა მზარეულმა  ტომას  კელერმა (Thomas Keller) 1994 წელს.   რესტორნის  სამზარეულო შეიძლება  დავახასიათოთ  როგორც ფრანგული, მაგრამ  ამერიკული გასტრონომიური  ელემენტებით.  ფრენჩ  ლაუნდრის  სამზარეული არის  ინოვაციური და  რესტორნის შემოქმედებითი კოლექტივი არის  მუდმივ  ძიებაში.  რესტორანში  არის  მენიუ  ა ლა კარტ (შეკვეთით),   მაგრამ  სტუმრების ძირითადი  ნაწილი  მოდის  სადეგუსტაციო მენიუს  დასაგემოვნებლად. სადეგუსტაციო მენიუ  შედგება  9  პატარა  კერძისაგან,  რომელიც იცვლება  ყოველდღიურად.  რესტორანში იყენებენ  მხოლოდ  ორგანულ  და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს.  აქედან  გამომდინარეობს  კერძების  სიძვირე.  ამავდროულად,  უმაღლესი მომსახურეობის  დონე   „სიამოვნებით“  ახარჯინებს სტუმრებს  რამოდენიმე ასეულ დოლარს  „ერთ დაჯდომაზე“.  რესტორანს  გააჩნია  უმდიდრესი  „ვინოთეკა“  (ღვინის  მარანი), რომელსაც  შეუძლია დააკმაყოფილოს  ყველზე  პრეტენზიული  მომხმარებლის  გემოვნება.  

ჩვენ  შემოვიფარგლეთ  სამი სადეგუსტაციო  კერძის  დაგემოვნებით.  ეს იყო გოგრის  სუპი  გაფორმებული  ნაღების მუსით, პატარა  "შუები"  მდნარი  გრუიერის  ყველით (ცნობილი  ფრანგული ყველი) და ვაფლის  ცომის   პატარა კონუსები,  ზედ დატანებული  შავი სეზამის მარცვლებით, ათქვეფილი  კარაქითა და ორაგულის ტარტარით (უმი დაკეპილი ორაგულის  ხორცი, ლიმნის წვენით, კაპერსებით, მარილითა და თეთრი  პილპილით).   ჩამოთვლილი  კერძები კომენტარს არ  საჭიროებენ.  ძნელია მათი  შეფასება   გემოვნური სრულყოფის გამო. ერთი  სიტყვით  „დონეა“. ეს ხდება როდესაც  გამოდიხარ  რესტორნიდან  და ვერ ხვდები  რატომ ხარ  „ბედნიერი“.   იმ დღეს  სამივე  ვიყავით  ბედნიერები.

გურმანი

22 სტატია

სხვა სიახლეები