გორელები სტალინის ძეგლს უკან აბრუნებენ

  • 24 ოქტომბერი 2012, 17:55
  • 8530

გორში სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვენ. გორელების ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ორშაბათს საკრებულოს  პეტიციით მიმართავს და პროექტს შესთავაზებს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შალვა ტლაშაძემ news.ge-ს უთხრა, ხელმოწერების შეგროვება კვირის ბოლომდე დასრულდება. 

”გვჭირდება მინიმუმ 1200 ხელმოწერა, მაგრამ მეტს შევაგროვებთ. საკრებულოსთან ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვალ-ყურს მიადევნებს პროცესს, რათა გამოირიცხოს ძეგლის რაიმე სახით გასხვისება ან გაყიდვა. ასევე, საკრებულომ უნდა გვითხრას კონკრეტული ვადა - რა დროში აღდგება ძეგლი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამი თვე იქნას გაწერილი, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მონუმენტი აღდგეს” - განაცხადა ტლაშაძემ.

მისი ინფორმაციით, სტალინის ძეგლი გაყიდული არ არის, თუმცა, კერძო კოლექციონერს სურს მისი შესყიდვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მზად არის, მონუმენტში 17 000 დოლარი გადაიხადოს.

შალვა ტლაშაძის თქმით, რა ადგილას უნდა აღდგეს ძეგლი, ეს უკვე არქიტექტორების პრეროგატივაა.

”ამ შემთხვევაში, ჩვენ დილეტანტები ვართ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში გვეყოლება არქიტექტორები, რომლებიც შეისწავლიან  ქალაქის ადგილმდებარეობას და სადაც უკეთესი იქნება იერსახის თვალსაზრისით, იქ დაიდგმება” - უთხრა ტლაშაძემ news.ge-ს და აღნიშნა, რომ  მუზეუმის ტერიტორიაც არ გამოირიცხება.

”ჩვენ ვითხოვთ, რომ ბოლო-ბოლო, ეს ქანდაკება, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ისე მაინც წაიღონ და ტურისტული თვალსაზრისით აღდგეს ეს ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე მაინც”,- დასძენს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, გორის საკრებულოს 2010 წლის დადგენილება სტალინის მონუმენტის ქალაქის ცენტრიდან მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ სტალინის მონუმენტი  ქალაქის ცენტრალური მოედნიდან  2010 წლის 25 ივნისს,  ღამით აიღეს. მოსახლეობის  ნაწილი პროტესტს მაშინაც გამოთქვამდა.

სხვა სიახლეები