კახეთის მხსნელი გმირები - შალვა, ელიზბარ, ბიძინა

  • 01 ოქტომბერი 2012, 00:55
  • 2066

წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,  XVII საუკუნეში აღესრულენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით  ააოხრეს კახეთი.

ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისაგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. წმიდა ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ.  ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა. აჯანყებულებმა ყიზილბაშები გაანადგურეს და თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა.  მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.

 კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.

 ცბიერმა შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველმა გმირებმა მიუგეს: „„მზად ვართ ყოვლისავე დათმენად, რაჲთა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ“. მაშინ შაჰის ბრძანებით წმიდანები სასტიკად აწამეს. წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებოდნენ.

 წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთაგან დასაგესლად. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმიდა ელიზბარისა და შალვასთვის.  ქსნის ერისთავებმა მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს დასარტყმელად, რადგან სანატრელნი ახოვანებით დიდად აღემატებოდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და, როცა დავარდნენ, თავები წარკვეთეს ნეტარ ბიძა-ძმისწულს.

 ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდა ბიძინა: ალესილი მახვილებით ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ, მერე - ფეხისა; თითების შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები - კოჭებამდე;  შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე წვივი მუხლამდე. მოკვეთილ ასოებს მიწაზე ათრევდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და გულიც გაუჩერა, გული, რომელმაც გაუძლო ამდენ ტკივილს. ეს ამბავი 1661 წელს მოხდა. წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

 

 

კოკა გურული

2759 სტატია

სხვა სიახლეები