ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიტიკური პლაკატების გამოფენა გაიხსნა

  • 14 სექტემბერი 2012, 19:00
  • 688

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა „პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია“ გაიხსნა. გამოფენა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და მისი მიზანი საზოგადოებისთვის საარჩევნო გამოცდილების შეხსენებაა, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან 2010 წლამდე დაგროვდა. იგი გასულ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას ასახავს. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული ბიბლიოთეკა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო.“

გამოფენაზე მისულ სტუმრებს 90-იანი წლებიდან ჩატარებული ყველა დონის არჩევნების ამსახველი პოლიტიკური საარჩევნო პლაკატის ნახვის შესაძლებლობა აქვთ, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ინახებოდა. 

გამოფენის ორგანიზატორის ემზარ ჯგენერაიას თქმით, გამოფენის არსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პროცესების დინამიურობისა და თავისებურებების გაცნობა და იმის შეხსენებაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ბევრად განსაზღვრავს თითოეული ამომრჩევლის და ქვეყნის მომავალს.

„გამოფენის მთავარი კონცეფცია არის ის, რომ ჩვენ დავინახოთ როგორ ვითარდებოდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში და როგორ ურთიერთობას ახერხებდნენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან. აქ ნახავთ ძალიან ბევრ პოლიტიკოსს, რომლებიც დღეს უკვე დავიწყებული გვყავს. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი პოლიტიკოსებითვისაც საინტერესო უნდა იყოს, რათა მათ არ ეგონოთ, რომ ისინი სამუდამოდ არიან პოლიტიკაში“, -განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.

გამოფენა, დღეს, გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სხვა სიახლეები