თსუ: სტუდენტებს უნივერსიტეტში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ

  • 14 სექტემბერი 2012, 17:35
  • 2094

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი კორპუსის შენობაში მომხდარ ინცინდენტზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში წერია, რომ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე  შეკრებილ ახალგაზრდებს შენობაში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ. თსუ-ს ინფორმაციით, შეჭრის დროს სტუდენტებმა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი: დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ გათავისუფლებული ლექტორები, მიეცეთ საშუალება სტუდენტებს ისწავლონ თავისუფლად არჩეული საგნები და გადადგეს ანდრო ბარნოვი. შეხვედრის მსვლელობისას ისინი აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და აცხადებდნენ, რომ დიალოგისთვის არ არიან უნივერსიტეტში მოსული“-წერს თსუ-ს ადმინისტრაცია.

აქვე აღნიშნულია, რომ შეჭრამდე აქციის ორგანიზატორმა „ლაბორატორია 1918“-მა გაავრცელა განცხადება, სადაც  ნათქვამი იყო - ”დაუმორჩილებლობაში ვგულისხმობთ საკუთარი წესებით თამაშს, საკუთარი კანონებით მოქმედებას. მოქცევას არა უნივერსიტეტის შიდა განაწესის ან კანონების მიხედვით, არამედ ისე, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ სისტემა კეთილი ნებით არანაირ დათმობაზე წამოსვლას არ აპირებს, ამიტომ მზად ვართ მივმართოთ იძულებას, აგრესიას, იერიშს, გაფიცვას, საბოტაჟს, უნივერსიტეტის დაკავებას. მზად ვართ ნებისმიერ ფასად გავუწიოთ წინააღმდეგობა სისტემას, რომელიც თანდათან გვძირავს”.

თსუ-ს ცნობით, ადმინისტრაციული შენობის დარბევისა და დაკავების შესახებ მოწოდებები გაისმოდა ხმის გამაძლიერებელი საშუალებებით აქციის მონაწილეების შენობაში შესვლამდეც. მოწოდებას თან ახლდა უცენზურო განცხადებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამასთანავე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან დიალოგი მუდმივი პროცესია და გასულ სასწავლო წელს რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა სტუდენტთა ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. თუმცა, „ლაბორატორია 1918“-ს არ გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ყოველთვის მზად არის სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება და მათი გადაჭრა უნივერსიტეტის უფლებამოსილებაა“-წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სტუდენტები მათ მიერ წამოყენებული პირობების შესრულებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრებოდნენ.

სხვა სიახლეები