"ქართული ოცნების" თერჯოლის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის ომარ ნიშნიანიძის თქმით, კოალიციის მაჟორიტართა სიაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, მან პარტიულ სიაში გადაინაცვლა. თერჯოლის რაიონში ომარ ნიშნიანიძის ზაალ გოგსაძით ჩანაცვლების გადაწყვეტილება გაერთიანების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაახმოვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიშნიანიძის ცვლილება შესაძლოა, კოალიციის თერჯოლის შტაბში არსებული შიდა დაპირისპირების გათვალისწინებით მოხდა. როგორც თერჯოლაში მცხოვრები "ქართული ოცნების" ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს, კოალიციის თერჯოლის შტაბში "ოცნების" რეალური გულშემატკივრების ნაცვლად ფსევდო აქტივისტები მოხვდნენ.
ომარ ნიშნიანიძის თქმით, თერჯოლაში მისი კანდიდატურის გამოცვლით უჩვეულო არაფერი მომხდარა. შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიშნიანიძე განმარტავს, რომ გარკვეული უთანხმოება ყველგან არის.
"არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე მართლაც შემოგზავნილი იყოს. როდესაც მე დავიწყე საარჩევნო კამპანია, რამდენიმე კარგი შეხვედრა მქონდა. ვიღაცებმა დაინახეს, რომ შეიძლებოდა გამემარჯვა და არ არის გამორიცხული, განგებ ჩამომაშორეს. მე გადავედი პარტიულ სიაში რაც უფრო კარგია. წარმოშობით თერჯოლიდან ვარ. ზაალ გოგსაძისთვის კი თერჯოლა დედულეთია. პოლიტიკურ ბატალიებში ალბათ ის უფრო გამოცდილია, ვიდრე მე და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე მას მაქსიმალურად დავეხმარები. ჩვენ არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენთვის მთავარია გამარჯვება და საქართველოს გადარჩენა," – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.
სხვა სიახლეები

