„შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა“

  • 19 აგვისტო 2012, 10:10
  • 213

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება:

წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე. მათთან ერთად განმარტოვდა მაღალ მთაზე და იწყო ლოცვა. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოეღვიძათ, დაინახეს, რომ მათ მოძღვარსა და მასწავლებელს - იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი ჰქონდა თოვლივით თეთრი. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომელნიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა ურიათაგან. როცა მოსე და ილია შორდებოდნენ ქრისტეს, მოულოდნელად ბრწყინვალე ღრუბელმა გაანათა ისინი და მათ მოესმათ ზეციური ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ“. მოწაფენი შიშით დაემხნენ მიწაზე. იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“. გამხნევებული მოწაფენი ადგნენ და დაინახეს თავიანთი მოძღვარი, ჩვეულებრივი სახით.  ამ დიდებულ ამბავს იხსენიებს წმიდა ეკლესია დღეს.

ხოლო, თუ სიმბოლურად რას მიუთითებს ეს დღესასწაული მორწმუნე ადამიანს, ამას ფერისცვალების დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაში გვკარნახობს წმიდა  ეპისკოპოსი გაბრიელი:

„მთელი ქვეყნიური ცხოვრება კეთილ-გონიერის ქრისტიანისა, სხვა არაფერი არ უნდა იყოს, გარნა ერთი მხოლოდ განუწყვეტელი და ხარისხითი-ხარისხად აღმავალი სულიერი ფერის-ცვალება, ესე იგი შეცვალება, ანუ გადასვლა არა კეთილისა სულიერისა მდგომარეობისა და ხასიათისა, კეთილსა და წმიდასა მდგომარეობასა შინა, და ესრედ აღსვლა მდაბლისა ხარისხისა - უმაღლესსა ხარისხსა ზედა სიწმინდისა და სათნოებისასა. სულიერი ცხოვრება და მდგომარეობა ქრისტიანისა თან-და-თან, დღითი-დღე უნდა იცვლებოდეს, განახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, ამაღლდებოდეს. უმაღლესი ნიჭი, ანუ თვისება კაცის სულისა, არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თან-და-თან უნდა იზრდებოდეს, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: ნუ თანა-ხატ-ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული. (რომ.12, 2) ამ სოფელს ნუ დაემსგავსებითო, არამედ შეიცვალენით გონების განახლებითაო, რათა იცნათ ნება ღვთისა. თუ გონება ჩვენი თან-და-თან არ მდიდრდება და არ განახლდება ღვთის მცნებისა, საღმრთო წერილის, ანუ ღვთის სიტყვის სწავლითა, მაშინ იგი შეიქმნება ბიწიერი,  სოფლიერი, მაშასადამე, ფერს ვერ იცვლის, ვერ გაბრწყინდება. მეორე, უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი, არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმართავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შესცვალოს, ერთი სიტყვით, სხვა სულიერი და საღმრთო ფერი მისცეს. სიტყვა ღვთისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ, თუ გული, ანუ სურვილი კაცისა ცოტ-ცოტად არ იცვლება სულის წმიდის ტაძრად, მაშინ იგი გადიქცევა ცოდვისა და ეშმაკისა სადგურად. მაშასადამე,  მორწმუნე და გონიერი ქრისტიანე მღვიძრად უნდა იდგეს სახმილავსა ზედა გულისა თვისისასა,  და დღითი-დღე მიუშვებდეს სულსა წმიდასა, რათა მადლმან სულისა წმიდისამან ცოტ-ცოტად სცვალოს სულიერი ფერი მისი. ერთი სიტყვით, კაცი მონათლული ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ყოველი ძველი, ცოდვისაგან წამხდარი ფერი განიძარცვოს, და ახალი, განათლებული მადლითა, შეიმოსოს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: განიძარცვედ ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ, და შეიმოსეთ ახალი იგი განათლებული მეცნიერება, მზგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“.

ნიშანდობლივია, რომ მართლმადიდებელთა სასიქადულოდ და საიმედოდ,  ყოველ წელს,  უფლის ფერისცვალების დღეს ( ძველი მართლმადიდებლური სტილით), სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

კოკა გურული

2078 სტატია

სხვა სიახლეები