7 ეფესელი ყრმა - საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ნიშანი!

  • 17 აგვისტო 2012, 02:36
  • 453

17 აგვისტო 7 ეფესელი ყმის ხსენების დღეა. შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. წმიდა მაქსიმილიანე ეფესოს ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი ექვსი ჭაბუკი კი - სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ და ერთად მსახურობდნენ. როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველანი კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ.  ქრისტიანები, რომლებიც მეფის ბრძანებას არ დამორჩილდნენ, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს.  წუხდნენ ეფესელი ყრმებიც, რომლებიც „ღამის-თევასა და ლოცვასა დადგრომილ იყვნეს“. ბოლოს, ჭეშმარიტების მტრებმა ისინიც დაასმინეს.  განრისხებულმა თვითმპყრობელმა თავისთან მოიხმო მხედრები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. მაქსიმილიანემ მეგობრების ნაცვლადაც მიუგო, რომ ისინი ქრისტეს არ უღალატებდნენ და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდნენ.   დეკიუსმა ბრძანა, პატივის აყრის ნიშნად აღმსარებლებისათვის მხედრული სარტყლები შეეხსნათ. მაგრამ არ დაუტუსაღებია ისინი - სალაშქროდ გამზადებულს, იმედი ჰქონდა, რომ სანამ ეფესოში მობრუნდებოდა, ჭაბუკები გონს მოეგებოდნენ და საქციელს შეინანებდნენ.

 როგორც კი დრო მიეცათ, მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნენ - სურდათ, დეკიუსის დაბრუნებამდე განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. ყველაზე უმცროსი მათ შორის - იამბლიქო გლახაკის სამოსელში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ეფესოში და პურს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან შეიტყო, რომ იმპერატორი უკვე დაბრუნებულიყო და მათ ეძებდნენ. მაქსიმილიანემ მოუწოდა მეგობრებს, ნებსით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე, მაგრამ, ღვთის ნებით, შვიდივეს მიეძინა „ტკბილითა სიკუდილითა“.

 როცა უსჯულო ხელისუფალმა ყმაწვილთა ადგილსამყოფელი გაიგო, ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოექოლათ, რომ ყმაწვილები შიგ შიმშილითა და წყურვილით ამომწყდარიყვნენ. ორმა ფარულმა ქრისტიანმა, საჭურისებმა - თევდორემ და ვარგოსმა ლოდებს შორის დაბეჭდილი ლუსკუმა ჩადეს, რომელშიც ორი კალის ფირფიტა იდო წმიდა ყრმათა სახელებითა და მათი ღვაწლისა და სიკვდილის გარემოებათა აღწერით.

განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზადაბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება: მისი ჩაგონებით, იმ მიწის მფლობელმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, ცხოვართათვის ბაკის მშენებლობა განიზრახა. მისმა მონა-მსახურებმა მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორეს და შესასვლელი გათავისუფლდა. ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისაგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არც იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი მიძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად. როცა ყრმა ეფესოს მიუახლოვდა, გაოცებამ შეიპყრო: ბჭეებზე ჯვრის ნიში იყო აღმართული; ქალაქში ქრისტეს სახელსაც თავისუფლად წარმოთქვამდნენ... ყოველივე ამან იგი დააეჭვა, გზა ხომ არ ამბნევია, სხვაგან ხომ არ მოვხვდიო, სურდა, ჩქარა მიბრუნებულიყო უკან, მაგრამ როცა პურის გამყიდველებს ვერცხლის დიდი მონეტა გაუწოდა დეკიუსის გამოსახულებით, იგი დააკავეს „ძუელთა მეფეთა საუნჯის“ პოვნისა და გადამალვისათვის.

 იამბლიქო მიჰგვარეს ქალაქის თავს, რომელთანაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა. ყრმის დაბნეულმა პასუხებმა მას აფიქრებინა, რომ მისი სახით უფალს რაღაც უნდა ენიშნებინა.   ქალაქის ხელისუფლებთან და ხალხთან ერთად იამბლიქოს  ისიც გაჰყვა გამოქვაბულისკენ. მღვიმის შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერები წაიკითხა. ყველამ ერთობლივ ადიდა ღმერთი.  ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და ერის სიმრავლემ თაყვანი სცა წმიდანებს.   ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისაგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო გაუცხადა. თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა „კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს“, ამჟამად - საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე. 

კოკა გურული

2057 სტატია

სხვა სიახლეები