კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსამსახური შვეიცარიული გაზეთის "ნოიე ციურხერ ცაიტუნგის" სტატიას ავრცელებს სახელწოდებით: "ფული ძალაუფლების წინააღმდეგ".
სტატია მიმიოხილავს საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო მდგომარეობას და საუბრობს ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს და რომ ივანიშვილის მომხრეებს ხელისუფლება სამსახურებიდან ათავისუფლებს. სტატიაში მოყვანილია ანტენების დაყადაღების ფაქტიც.
შვეიცარული გაზეთი აღნიშნავს, რომ ისეთი დაძაბული ვითარება ქვეყნის შიგნით, როგორიც დღესაა, ჯერ არასდროს ყოფილა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. დაძაბულობის მიზეზი კი ხალხის უკმაყოფილებაა სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ და მათი იმედები, რომ მილიარდერი ივანიშვილი შეძლებს ცვლილებების განხორციელებას.
აქვე აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გამოაქვეყნა, "ნეოლიბერალიზმზე ორიენტირებული საქართველოს მთავრობა" კი შეეცადა არ ჩამორჩენოდა მას და თავის მხრივ, მოსახლეობას ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.
სტატიაში საუბარია ბათუმში ჩატარებულ აქციაზეც - „მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაამტკიცა თავისი პოტენციალი, მოახდინოს საკუთარი ძალების მობილიზაცია. მიუხედავად საზიზღარი წვიმიანი ამინდისა, კვირის ბოლოს, შავ ზღვაზე მდებარე ქალაქ ბათუმში შეიკრიბა მისი ოპოზიციური გაერთიანების 15-დან 20-ათასამდე მომხრე" - აღნიშნულია სტატიაში.
„ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" კიდევ ერთ ცნობას ავრცელებს. მათი თქმით, 11 აპრილს „ქართული ოცნების“ წევრს სოზარ სუბარსა და მის ადვოკატს ციურიხში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ფარულად გაყვნენ, რომელთაც შვეიცარიის პოლიციამ მოსასმენი აპარატურა აღმოუჩინა და დააკავა. ქართული შსს-ს თანამშრომლები შვეიცარიის ციხიდან სამი კვირის შემდეგ გათავისუფლდნენ, რის შემდეგაც შვეიცარიის პოლიციამ ისინი საქართველოში გამოაძევა. ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ იუწყება. სტატიის თარგმანს ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
შვეიცარიული გაზეთის ცნობით, სუბარი შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს ხვდებოდა, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის შესახებ.
როგორც გაზეთი იუწყება, შსს-ს თანამშრომლებს ამ საუბრის მოსმენა სურდათ, თუმცა, მათი მოქმედება იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ისინი პოლიციამ შენიშნა და დაკავების შემდეგ მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის სრული კომპლექტი აღმოუჩინა.
ამ საკითხთან დაკავიშრებით news.ge სოზარ სუბარს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ გუშინდელ დღემდე კონკრეტული არაფერი იცოდა.
ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ შვეიცარიაში დააკავეს ქართული შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენი მოსმენა სურდათ, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ აქამდე არავის უთქვამს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი სახის ოპერაციის ჩატარება არათუ შვეიცარიაში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც ისჯება. ან ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რომელი კრიმინალები მე და კომახიძე გვნახეს?! - აცხადებს სუბარი.
აღსანიშნავია, რომ სოზარ სუბარი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში მართლაც შეხვდა. მაშინ სუბარმა განაცხადა, რომ ივანიშვილის ლიკვიდაციის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას. ყოფილი სახალხო დამცველი განცხადების გაკეთებისას ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელმაც შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ აქვს ინფორმცია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.
სხვა სიახლეები
