"ლეიბორისტული პარტია" „საქართველოს ბანკს“ და სხვა ქართულ ბანკებს მოსახლეობის ძარცვაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქე გავათავისუფლეთ საბანკო მარწუხებისგან, ცხელი ზაფხულის საფარქვეშ ბანკირები კიდევ აგრძელებენ მეანაბრეებიდან თანხის ამოღებას. ვაფრთხილებთ მათ, რომ ჩამოვართმევთ მდიდარ ბანკირებს ქონებას და მეანაბრეებს დავუბრუნებთ“, - ამბობს ძაგანია.
მან დაასახელა იოსებ სამხარაძის მაგალითი, რომელსაც, მისივე თქმით, „საქართველოს ბანკისგან“ 6 წლის წინ 950 ლარიანი კრედიტი ჰქონდა აღებული, რომელიც დაფარა. ძაგანიას თქმით, სამხარაძეს 6 წლის შემდეგ ბანკი დაუკავშირდა და სესხის გადახდა მოსთხოვა.
„950 ლარიანი კრედიტი ავიდა 7 000 ლარამდე იმ მოტივით, რომ სამხარაძეს კრედიტის ნაწილი დასაფარი ჰქონდა“ - განაცხადა კახა ძაგანიამ.
მისივე თქმით, "სამოქალაქო კოდექსის" მიხედვით, თუ ბანკმა 3 წლის განმავლობაში ვალი არ გაასაჩივრა, ის ანულირდება. "ლეიბორისტები" კატეგორიულად სთხოვენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ბანკებმა მეანაბრეთა ძარცვა.
სხვა სიახლეები
