ირაკლი აგლაძის ადვოკატები უხეშ დარღვევებზე საუბრობენ

  • 01 აგვისტო 2012, 12:36
  • 609

რუსთაველის გამზირზე, 2011 წელს ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი აგლაძის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის განხილვა მხოლოდ ბრალდების მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ამასთან დაკავშირებით, ადვოკატებმა დავით კორკოტაშვილმა და მალხაზ ჯანგირაშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოსთან ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, სასამართლოს მიერ არ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიღება, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას და რომ თავდამსხმელი ორი პირი იყო.  

„სასამართლო გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ ბრალდება არის გაყალბებული და ფალსიფიცირებული, ბრალდების მხარის მიერ აშკარად ხდება ცრუ მოწმეების წარმოდგენა“. განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც რეალურად დაადასტურებს ირაკლი აგლაძის მონაწილეობას აღნიშნულ დანაშაულში.

რაც შეეხება ტელევიზიით გავრცელებულ კადრებს, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ადვოკატები ამბობენ, რომ მსგავსი კადრები საქმეში არ მოიპოვება და ისინი ფალსიფიცირებულია.

ადვოკატები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდება, ისინი საქმეში ახალ, შოკისმომგვრელ დეტალებს წარადგენენ, რომლებიც, მათი თქმით, დაადასტურებს იმას, რომ ირაკლი აგლაძე და დავით მოსიაშვილი უდანაშაულოები არიან.

ზურაბ ტარყაშვილი რუსთაველის პროსპექტზე 2011 წლის 17 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.  საქმეზე დაკავებულია სამი პირი. ირაკლი აგლაძე, ივერი გოგბერაშვილი და დავით მოსიაშვილი. დავით მოსიაშვილს საქალაქო სასამართლომ 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სხვა სიახლეები