ივანიშვილი მთავრობისგან ასობით მილიონის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

  • 01 აგვისტო 2012, 12:28
  • 1746

მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში, ივანიშვილი საქართველოში მისი საინვესტიციო უფლებების გამო, მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს.

ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა, დღეს, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, საერთაშორისო იურიდიული ფირმის "სკადენის" წარმომადგენლების დახმარებით მომზადებულია იურიდიული დოკუმენტი "უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ", რომელიც, 31 ივლისს, პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა.

„აღნიშნული დოკუმენტის ქართული ვარიანტი ივანიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება. ხელისუფლებას მიეცემა გონივრული ვადა, ანუ 14 დღე, რათა ჩადენილი უკანონობები აღიარონ და ივანიშვილის სამართლებლივ მრჩეველებთან ერთად, მიყენებული ზიანის შესახებ იმსჯელონ. ამ ვადის უშედეგოდ გავლის შემდგომ, ახალ სტადიაზე გადავალთ და ეს იქნება არბიტრაჟისთვის მასალების გადაცემა. ამ ეტაპზე იმ თანხის მოცულობა განსაზღვრული არ არის, თუ რამდენს მოითხოვს ივანიშვილი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, ეს ასეული მილიონი დოლარი იქნება. ამასთან, მას დაემატება გარკვეული პროცენტები, რაც ბირჟის მეშვეობით დაითვლება“, – განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ იურიდიულ დოკუმენტში, რომელსაც „უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ“ ეწოდება, აისახა ყველა ის საინვესტიციო უფლება, რომელიც ივანიშვილს შეელახა. კონკრეტულად კი, ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებით მომხდარი უკანონობანი; კანონის შეცვლა, რომლის საფუძველზეც „ქართუმ“ 119 მილიონი ლარი იზარალა, ბანკის უკანონო დაჯარიმება თანამშრომლებზე ბონუსებზე გაცემის გამო, შსს–ს მიერ ფულის გათეთრების ბრალდებით ბანკის საინკასაციო მანქანის დაკავება და შემდეგ დაბრუნება, ზეწოლის შედეგად კლიენტების გადინება, რის გამოც ბანკმა 45 მილიონი ლარი იზარალა და ბოლოს, "პროგრეს ბანკში" ივანიშვილის წილის დაყადაღება.

სხვა სიახლეები