ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

  • 15 ივლისი 2012, 17:13
  • 2802

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დასრულდება. ამ ეტაპზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძირითადი ნაწილის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შავი კარკასის დასრულების შემდეგ კი, შენობის გარე ფასადის დახვეწა დაიწყება. პირველ ნაკადს, 200-მდე სტუდენტს, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები  ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები იქნება. უნივერსიტეტი აღჭურვილი იქნება ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სათანადო ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. 

ხელისუფლების განმარტებით, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ ექნება, ის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი იქნება. უნივერსიტეტი გასცემს ბაკალავრის, მაგისტრის და შესაძლოა, დოქტორის ხარისხს პრიორიტეტად გამოცხადებული მიმართულებების განხრით. 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობით უკვე დაინტერესდნენ წამყვანი ამერიკული სასწავლებლები. მათ შორის, ნიუ-იორკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. 

რაც შეეხება უშუალოდ შენობის დიზაინს, 35 სართულიანი მულტიფუნქციური  შენობა ბათუმში ყველაზე მაღალი  ნაგებობა იქნება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სიმაღლე 200 მეტრამდე იქნება, შენობის ერთ-ერთ მხარეს, დაახლოებით 170 მეტრის სიმაღლეზე კი, ეშმაკის ბორბალი განთავსდება. 

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეა საქართველოს პირველმა პირმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოთქვა. 

სხვა სიახლეები