საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის დასკვნითი პროცესი იმართება

  • 16 აგვისტო 12:13
  • 1770

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. თავად ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მისი საქმე არის პრეცედენტული.

„დღეს, ჯერ კიდევ, ნარკოპოლიტიკა არის ის მძიმე წერტილი, რომელიც ტვირთად აწევს მთლიანად საზოგადოებას და ზოგადად ქვეყანას. ჩემთვის, პირადად დღეს მთავრდება საპროტესტო მოძრაობის პირველი ტალღა და მომდევნო ტალღას ველოდებით სექტემბერში, დეკრიმინალიზაციის რეფორმის განხილვისას.

შეგახსენებთ, ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში, 69 გრ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავეს. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ ბრალდებულს, კანონის ძველი რედაქციით 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.  აღნიშნული საქმის გასაჯაროვება გახდა გარდამტეხი ქვეყნაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტალღის დაწყებისთვის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფართო საზოგადოებრივ პროტესტს, ჯერ კამპანია „ბექა არ არის კრიმინალის“, ხოლო მოგვიანებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სახით.

საზოგადოებაში სადისკუსიო სივრცის გაჩენის გარდა, წიქარიშვილის საქმე გარდამტეხი აღმოჩნდა საკანონმდებლო კუთხითაც. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში, საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი „ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში მიმდინარე წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით 5 გრ-დან 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები