​გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა

  • 12 აგვისტო 16:16
  • 459

საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.

„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულების მსახურება და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს.

დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა.

მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო.

საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

სხვა სიახლეები