შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ბათუმში იმიტირებული ქალაქი მოაწყო

  • 12 აგვისტო 14:49
  • 445

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში – „ეს ჩემი ქალაქია“ უმასპინძლა.

იმიტირებულ ქალაქში შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი. გამოფენის გარდა, ბათუმელებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს სიურპრიზებიდახვდათ:

უსაფრთხო ქალაქში სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.

საექსპერტო–კრიმინალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და მოძრავი ლაბორატორია, რომელიც უსადენო კავშირის საშუალებით დაკავშირებულია დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზებთან და აღჭურვილია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით, რაც შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე პირველადი ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. 

სხვა სიახლეები