საქართველოს ხვალ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა. საქართველოში უკვე სამი წელია ეუთო-ს მისია აღარ მუშაობს, რაშიც რუსეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ და სხვა საკითხებზე ლამბერტო ზანიერს გაზეთი ”24 საათი” ესაუბრა. ინტერვიუს news.ge-ც გთავაზობთ
- ცხადია, რომ საქართველოში ეუთო-ს მისია რუსეთის ზეწოლის შედეგად გაუქმდა. ამავე დროს, რუსეთმა უარი თქვა საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს საკმაოდ მყიფეს ხდის უსაფრთხოებას კონფლიქტის ზონებში. საერთაშორისო დამკვირვებლების არდაშვებამ ხელი შეუწყო ტრანსნაციონალური დანაშულის ფართოდ გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ეუთო-ს გენერალური მდივანი, რას ეტყვით ქართულ საზოგადოებას - რა მექანიზმებით შეიძლება ეუთო-ს მისიის აღდგენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
- მინდა აღვნიშნო, რომ ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც 56 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორის - საქართველოსა და რუსეთს. ამოსავალი პრინციპი ჩვენი ორგანიზაციისთვის კონსესუსია - ყველა წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს გადაწყვეტილებაზე. იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა ეუთო-ს მისიის საქმიანობის საქართველოში გაგრძელების შესახებ, თემა დაიხურა 2009 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც 2008 წელის კონფლიქტის შემდეგ იმართება და რომელსაც ეუთო, გაერო და ევროკავშირი თანათავმჯდომარეობენ, არის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ამ ზონაში. მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე მზად იყოს, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში და გადადგან პოზიტიური ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ადამიანები კონფლიქტის რეგიონში იმსახურებენ მშვიდობას, სტაბილურობასა და შესაძლებლობას, იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. ეუთო მუშაობს პროექტებზე, რომელიც ამ სახლხის ცხოვრების გაუმჯობესებას დაეხმარება. ეს გულისხმობს სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მყოფი დაზარალებული საზოგადოებისთვის. ამ პროექტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ვახორციელებთ. სამი პროექტი, რომელიც ეუთო-მ ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, უკვე დასრულდა. ახლა კი ვახორციელებთ წყლის პროექტის მეორე პაკეტს.
ამას გარდა, ეუთო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ფასილიტაციას უწევს რეგულარულ შეხვედრებს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე. ეს მოლაპარაკებები, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში დაიწყო. ამ მექანიზმის ჩარჩოს ფარგლებში, ეუთო ეხმარება უსაფრთხო გარემოს განმტკიცებას ფერმერებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან არიან. ეუთო ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ.
ეუთო-ს მისიის აღდგენას ან სხვა ახალი მექანიზმების შექმნას, რათა გაუმჯობესდეს უსაფრთხოება და სტაბილურობა ოკუპირებულ რეგიონებში, ხელს შეუწყობს ეუთო-ს როლის გაძლიერება ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებსა და ჟენევის მოლაპარაკებებში. ეუთო-ს მისიის აღდგენის შესაძლებლობა ეუთო-ს ხელმძღვანელებმა, მაღალი თანამდებობის ქართველ პირებთან ერთად, ივნისში განიხილეს. ამ საკითხს, 9-10 ივლისს საქართველოში ჩემი ვიზიტის დროსაც დავაყენებ.
- რამდენად ფართოდ იქნება ეუთო წარმოდგენილი საქართველოს საპარლამენტო რჩევნებზე? ფართო წარმომადგენლობაში ვგულისხმობთ როგორც დამკვირვებელთა რაოდენობას, ისე დაკვირვების ხანგრძლივობას.
- მივესალმები ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მისამართით გაკეთებულ ასეთ ნაადრევ მოწვევას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. OSCE/ODIHR-მა ივნისის შუა რიცხვებში გამოაგზავნა პირველადი მისია, რომლებმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ შესაბამისი მოხსენებაც წარადგინეს. დამკვირვებელთა ჯგუფის რეკომენდაციით, უნდა განთავსდნენ სადამკვირვებლო მისიები, რომელებიც შეაფასებენ მომავალი არჩევნების შესაბამისობას ეუთო-ს ვალდებულებეთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ კანონმდელობასთან.
ძირითადი სადამკვირვებლო გუნდი იქნება 28 კაციანი, გრძელვადიანი დამკვირვებლები, და ისინი საარჩევნო პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. მეორე არის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია - 350 კაცი, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო დღეს დააკვირდებიან საარჩევნო პროცედურებს, მათ შორის - ხმის მიცემას, მათ დათვლას და შედეგების გამოთვლას. ODIHR-მა სთხოვა მონაწილე სახელმწიფოებს, მიავლინონ დამკვირვებლები საქართველოში. ეუთო არჩევნებზე დაკვირვებას არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე დაიწყებს და ის არჩევნების შემდგომ პერიოდზე დასაკვირვებლადაც დარჩება. მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია კი საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვა.
- ეუთოს დამკვირვებლები მონაწილეობენ მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირებაში. საქართველოზე უკვე გკითხეთ, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მყიფე მშვიდობა. ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავაც ხშირია ტერორისტული აქტები, შეტაკებები სახელისოფლებო ძალებთან და ბანდიტიზმი. აქვს თუ არა ეუთო-ს რაიმე ინსტრუმენტი ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე ზემოქმედებისთვის?
- მართლაც, ეუთო მხარს უჭრს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მცდელობას, გრძელვადიან პერსპექტივაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაძლიერდეს და ინცინდეტები გამოიძიონ. ეს საკითხი, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან საუბრისას, აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტის დროს დავაყენე და ამაზე ვისაუბრებ სომხეთში 11-12 ივლისს. ზოგადად, ეუთო მხარს უჭერს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, განახორიელონ სტრუქტურული რეფორმები, რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს. ეუთო-ს ფარგლებში, პოლიტიკურ დონეზე, ყურადღება ექცევა მოვლენათა განვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენ ამ რეგიონში არ ვართ წარმოდგენილი.
- ირლანდიას - ქვეყანას, რომელიც თავმჯდომარეობს ეუთო-ს მიმდინარე წელს, აქვს დიდი გამოცდილება ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებისა. რამდენიმე კვირის წინათ, უკიდურესად რადიკალური პარტიის - შინფეინის ლიდერმა მარტინ მაკგინესმა ხელი ჩამოართვა ბრიტანეთის დედოფალს და ეს იყო მნიშვნელოვანი აქტი. როგორც ეუთო-ს გენერალურ მდივანი, რას ურჩევდით ქართულ საზოგადოებას, რის გაზიარება შეიძლება ირლანდიის გამოცდილებიდან?
- მართლაც, ირლანდიამ, რომელიც ხელმძღვანელობს ეუთო-ს 2012 წელს, საკუთარ პრიორიტეტად განსაზღვრა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება. ეუთო-ს ოფისის ხელმძღვანელის, ირლანდიის ვიცე-პრემიერის ემონ გილმორის ინიციატივით, აპრილში დუბლინში ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითზე ფოკუსირება მოახდინა კონფლიქტის მშვიდობიანი დაგაჭრის გამოცდილებაზე. ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესების მონაწილეებმა იმის ილუსტრირება მოახდინეს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაში ჩამოყალიბდეს საერთო მომავალი. მშვიდობის მიღწევას დრო, დიდი ძალისხმევა, ნდობა და რწმენა სჭირდება. თითქმის 30 წელი დასჭირდა „დიდი პარასკევის" შეთანხმების მიღწევას, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობა მოიტანა. მე ვიტყოდი, მშვიდობის მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად აუცილებელია ძალის გამოუყენებლობა, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებს შორის და საზოგადოებებში ნდობის ამაღლება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. მათ შორის არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება და იმ პროეტების იმპლემენტაცია, რომელიც კონფლიქტის რეგიონებში ადამიანიებს დაეხმარება.
სხვა სიახლეები

