საია "ინფო 9" -ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს გმობს

  • 09 ივლისი 2012, 17:15
  • 286

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ "ინფო 9" -ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები  და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება ნორმალურ პირობებში განაგრძონ საქმიანობა. 

ამასთან დაკავშირებით საიას სამართლებრივი დაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“-ს წარმომადგენლების მიმართ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 

„ბოლო პერიოდში  გახშირდა ,,ინფო 9“-ს წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც დასტურდება ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს კამერით დაჰყვებიან მათთვის უცნობი პირები, რომლებიც „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებად აცნობენ თავს, უსვამენ  შეკითხვებს პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების სფეროდან. ასეთ პირობებში ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“,- ნათქვამია საიას განცხადებაში.  

საიას შეფასებით, უცნობი პირები ამგვარი  ინტენსიური ქმედებებით  სცილდებიან გამოხატვის თავისუფლებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრებიან სხვის პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში.  

„აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებმა დაიცვან ეთიკური სტანდარტები“.- აცხადებს საია.

სხვა სიახლეები