სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პოლიტიკური დაფინასების მონიტორინგის“ შესახებ დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, მიზნად ისახავს პარტიების ფინანსური მონიტორინგის პროცესის დახვეწას და იმ ნორმების დეტალურად გაწერას, რომლითაც ხელმძღვანელობს აუდიტის სამსახური მონიტორინგის პროცესში.
როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პოლიტიკური ფინანსების კანონიერების უზრუნველყოფაში.
„სახელმწიფო აუდიტის მიზანია საქართველო წარმატებული იყოს პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში. ჩვენ ვცდილობთ, პოლიტიკური ფინანსები იყოს გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერი ფული“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
დოკუმენტის შემუშავებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონსულტაციებს მართავდა როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
სახელმწიფო აუდიტი დოკუმენტზე მუშაობას ამით არ ასრულებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, იგეგმება ერთგვარი საკონსულტაციო საბჭოს შექმნაც, რომლის შემადგენობაში შევლენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობოები. საკონსულტაციო საბჭოს მიზანი აღნიშნული დოკუმენტის დახვეწა იქნება.
გზამკვლევიs ხილვა შესაძლებელი იქნება სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე. ამასთან, გზამკვლევი იმ პოლიტიკურ პარტიებსაც დაურიგდებათ, რომლებიც ექცევიან ფინანსური მონიტორინგის პროცესში.
სხვა სიახლეები
