"კონტროლის პალატას გადავტეხთ წელში"

  • 09 ივლისი 2012, 13:14
  • 434

"თავისუფალი საქართველოს" შემომწირველები  ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და პარტია ოპოზიციურ გაერთიანებებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს. პარტიამ უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, მიმართა უწყებათაშორის კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სახალხო დამცველს.

"თავისუფალი საქართველო" მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს, ვინაიდან ხელისუფლების ზეწოლით საქართველოში რეალური ოპოზიციის არსებობა საფრთხის ქვეშ დგას, დროებით გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და თავისუფალი არჩევნების მისაღწევად ზემოაღნიშნული პროცესებ  ერთობლივად წარმართონ.

კახა კუკავა ამბობს, რომ კონტროლის პალატის წინააღმდეგ პროტესტის ყველა ფორმის განხორციელება ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივად უნდა დაიწყოს. "ან კონტროლის პალატას გადავტეხთ წელში წინასაარჩევნოდ, ან, თუ ვერ მოვერიეთ, მაშინ უნდა ველოდოთ იმას, რომ  ცესკოც მოგვექცევა ისე, როგორც გვექცევა კონტროლის პალატა", - აცხადებს პარტიის ლიდერი.

იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდება, პარტიის ადვოკატის ქეთი ბექაურის თქმით, ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 17 წარმომადგენელი და თითოეულ მათგანს პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამათგან ოთხმა პირმა თანხა "თავისუფალი საქართველოს" ბიუჯეტში გადარიცხა. სულ ჯარიმის ოდენობა 284,845 ლარია.

სხვა სიახლეები