კვირიკაშვილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა

  • 17 ივლისი 13:22
  • 663

აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები იყო.  ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის არსებობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე - ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. 

პრემიერმინისტრმა ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე და ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე არსებულ შეთანხმებებს ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და დეტალურად ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებაზე, კერძოდ - საგადასახადო სისტემის, საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების რეფორმებზე, ასევე - დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე.

საუბარი შეეხო ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებსაც, რაც განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას მოიცავს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

სხვა სიახლეები