ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი: ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში, ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი

  • 16 ივლისი 17:34
  • 616

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში, ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი აცხადებს. 

ევროპარლამენტარი დღეს დემირელის სახელობის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს გლდანის ციხეში შეხვდა. 

"არავინ უნდა იყოს დევნილი იმის გამო, რომ ის მათი აზრით, გიულენის სახელთან დაკავშირებულ სკოლაში მუშაობს. 

ვცდილობ, დავარწმუნო როგორც საქართველოს, ისე ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს და არ განახორციელონ პედაგოგების ექსტრადირება თურქეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ასეთ სკოლებში ასწავლიან. იყო პედაგოგი - არ არის დანაშაული. როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ყველამ ვისზეც გარკვეული ზეწოლა ხორციელდება, უარი უნდა თქვან მსგავს შემთხვევებში ხალხის თურქეთში ექსტრადირებაზე. 

ბატონმა  ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში, ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი"-განაცხადა ევროპარლამენტარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ცნობისთვის, 2017 წლის 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელება თურქეთის მოთხოვნით დაიწყო. თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. კერძოდ, თურქეთის მხარის მტკიცებით, მას კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - ‘’FETO’’-თან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ზაფხულში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

სხვა სიახლეები