ჩეხეთის მწვრთნელი: ვწუხვართ და ბოდიში, რომ მაინც და მაინც თქვენი გუნდი დავამარცხეთ

  • 08 ივლისი 23:44
  • 1926

ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან სუხოპარეკმა საქართველოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პრესკონფერენციის დაწყებამდე ჩეხმა მწვრთნელმა ქართულად ორი სიტყვა წარმოთქვა: „გამარჯობა და მადლობა“.

"ჩვენთვის თქვენი გუნდიდან ყველაზე დიდ საფრთხეს გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე წარმოადგენდნენ. ვიცოდით, რომ ისინი შეტევებს ძალიან ამწვავებენ და მთელი ყურადღება მათზე გვქონდა გამახვილებული.

ასევე კარგი ფლანგის მცველები გყავთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვიყავით უკეთესები და ვფიქრობ, ღირსეულადაც გავიმარჯვეთ.

ნახევარფინალში გასვლით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ვწუხვართ და ბოდიში, რომ მაინც და მაინც თქვენი გუნდი დავამარცხეთ. ქართველებო, მადლობა იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც სტადიონზე იყო", - თქვა მწვრთნელმა.

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩი რამდენიმე წუთის განმავლობაში დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი სტუმრების მიერ გატანილი გოლის შემდეგ, ტრიბუნიდან გულშემატკივრის მიერ ბოთლის სროლა გახდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სხვა სიახლეები