ზაალ უდუმაშვილი სატელევიზიო კარიერას ასრულებს და პოლიტიკაში მიდის

  • 19 ივნისი 22:05
  • 1979

ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი სატელევიზიო კარიერას ასრულებს და პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ტელეწამყვანმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„კურიერი 9 საათზე“ მან დიანა ჯოჯუასთან ერთად დღეს ბოლოჯერ წაიყვანა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერის არჩევნებში.

„ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის“ წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ.

ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში.

როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

თუმცა ახლა დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს.

ბრძოლის გამოცდილება კი, ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები როგორც ჟურნალისტმა და ამავე დროს, შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას.

მე „რუსთავი 2“-ის გუნდთან და თქვენთან ერთად, ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში.

თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს. მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში, კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად, თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტელეწამყვანმა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზია კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან აქ ყველაზე მებრძოლი და რაც მთავარია, პროფესიონალი გუნდი მუშაობს.

რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა თქვენ - მაყურებელს, რომლის თანადგომასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც, პოლიტიკაში“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ტელეწამყვან დიანა ჯოჯუას თქმით, მისთვის ზაალ უდუმაშვილის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. „მაგრამ ამის განცდა იმაზე უფრო მძიმე აღმოჩდნა, ვიდრე მეგონა“, - აღნიშნა დიანა ჯოჯუამ.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები