"ეს ჩემოდანიც ვერ აპატია, ეს ჩემოდანიც ედიდა გრანელს"

  • 19 ივნისი 19:47
  • 2173

News. ge პირველად აქვეყნებს  ინჟინერ-პროგრამისტის, ფინანსისტ-ეკონომისტის,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლის თამარ ჯაფარიძის ლექსებს.

ცნობისათვის, ახალგაზრდა შემოქმედის ლექსები უკვე დაიბეჭდა  "ლიტერატურულ საქართველოში", "უქიმერიონში"(ქუთაისი), "მზის არილი"(ქართ.თანამედრ.პოეზიის ანთოლოგია).

ჩემოდანი

(ტერენტი გრანელისა და თამარ ჯაფარიძის სიყვარულის ისტორიის გამო)

-------------------

ერთ ჩემოდანში ძლივს ჩაატია

მთელი ცხოვრება, არ თვლიდა გრამებს...

ეს ჩემოდანიც ვერ აპატია,

ეს ჩემოდანიც ედიდა გრანელს.

ქარს კი, სადგურთან, სული ამოხდა,

ქალის თმას წეწავს მღვრიე ტევრებად,

მიდის გრანელი...მერე რა მოხდა?

პოეტია და - მიეტევება.

კაცს მუზა დიდხანს არ მიატოვებს,

და როცა ტოვებს - შორიდან უმზერს,

პოეტები კი, მარტოდ-მარტოებს,

ზოგჯერ, ბაქანზეც ტოვებენ მუზებს.

თამარ ჯაფარიძე

18 ივნისი

 

 

 

"ყოფნა?! არყოფნა?!" 

-----------------------------------------

თეთრწვერა მოხუცი

მიწას თხრის_

დაგვძერწა ნეკნებით

თუ თიხით

და ვითომ ნაჩუქარ

სიცოცხლის,

ყოველი წამისთვის

ფულს ვიხდით.

--

ვჯერდებით ნაბოძებ

წვრილმანებს,

ვიღლებით...ვშრომობთ და

ლოდინით

ერთმანეთს ვულოცავთ

მწვერვალებს_

მიღწეულს სიზიფეს

ლოდივით,

--

რომელიც მოწყდება

მთის ბოლოს,

დაქანცულ ტანს ოფლით

ვისველებთ,

მთებიდან ქვამ უნდა

იგოროს,

რომ მთაზე ავცოცდეთ

ისევე.

--

ვყიდულობთ სიცოცხლის

ყოველ წამს

ღიმილით. ..სისხლით და

მარჯვენით,

და მაინც..როგორღაც...

რატომღაც...

ვისჯებით სიზიფეს

სასჯელით.

--

ვმარცხდებით...ვიმარჯვებთ...

ვიცინით...

ბედი კი, შუბლზე, ჯვრად

გვაცხია_

მშვენივრად ვხვდებით და

ვიცით, რომ

სიკვდილი სიცოცხლის

მარცხია.

-

ბოლოს კი...(კამიუ...

შექსპირი...)

ვთანხმდებით- ("ყოფნა თუ

არყოფნა?!")

ჩვენ გვიყვარს სიცოცხლეც,

შეშლილი,

და მერე -სიკვდილთან

მზადყოფნა!

..

თამარ ჯაფარიძე

27 მარტი

 

ძნელია

---------------

ძნელია, ვინმე რომ შეაჩერო

დიდი ხნით შენთან,.მით უფრო-იგი!

რადგან შენ, უკვე, გაგრილებს ჩერო,

 

მას კი მზე წვავს და ...ცხელ დღეთა რიგი.

რადგან, შენ დილას ფერი აქვს ბინდის,

იმის, მწუხრსაც კი, სხივები ხლართავს...

რადგან, მისი გზა ალთას თუ მიდის,

შენ მიუყვები, უთუოდ, ბალთას.

.

ვეჭვობ, გაიგო იმისი ფასი,

რაც გზად, მწყურვალმა, უკვე დალია...

რადგან თვით შენ ხარ ღვინო, ძვირფასი,

ის-უკვდავების ცივი წყალია!

.

ძნელია, ვინმე რომ შეაჩერო

შენთან და მერე არ იგრძნო დაღლა,

რადგან,თუ იგი მთისკენ გზას ჩემობს,

შენი გზა მთიდან ეშვება დაღმა

.

ო, უსასრულო აღმართ-დაღმართი

და...ო , ეს მრუდე პარაბოლები!

აქეთ,მწვერვალებს თუ არ დახარბდი,

მიღმიურ ხევშიც არ დაღონდები,-

.

და ეს თამაში სულაც არ გაკრთობს,

შორს..ჰორიზონტებს სიმშვიდეს ამჩნევ...

შენი გზა ელის იმის გზის მართობს,

რომ შეერთების წერტილში დარჩე.

მზე ათბობს...შენ კი, გაგრილებს ჩერო,

სადღაც...გადაღმა...გზა გიდევს დიდი...

ძნელია, ვინმე რომ შეაჩერო

დიდი ხნით შენთან...მით უფრო-იგი!

 

Finito la komedia

-----------------------

ნეტავ ფიფქებმა ისევ მობარდნონ,

გიჟმა ქარებმა ისევ იქროლონ...

გამახსენდება, მაშინ, დროდადრო,

რომ მიყვარდი და უკვე, ვფიქრობ, რომ...

იმ ქარიშხლების ავი ლაქლაქი

შენზე დარდად და ოცნებად ღირდა!

აყვავდა, ახლა, ისევ, ქალაქი,

ჩემს სულში, ისევ, ის ქარი ქრის და...

ჩემში ისევ ის ცივი მარტია,

(ეს ჩემი ჯვარი, ჩემი ბედია!)

ამაზე მეტი არც მინატრია,

მაგრამ..."finito la komedia"!..

სხვა სიახლეები