თავდაცვის მინისტრმა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში კასპის ოკუპაციის მუზეუმში ლექცია წაიკითხა

  • 19 ივნისი 18:51
  • 401

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა. ლევან იზორია გორისა და კასპის თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ სტუდენტებს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა.

მინისტრმა ყურადღება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა, რაც მისი განცხადებით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი დასავლური სამყაროსთვის გამოწვევას წარმოადგენს. ლევან იზორიამ აღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს მიერ გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები და ნატოს შეკავების პოლიტიკაც ხაზგასმით აღნიშნა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები იყო. ლევან იზორიამ მსმენელებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-ნატოს ურთიერთობა, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები მიმოიხილა და მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა მიმართულება გააცნო. ლევან იზორიამ ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს სამინისტროს სამომავლო გეგმები, კონკრეტულად ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ძირითადი კომპონენტები წარუდგინა.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ დაუსვეს.

მინისტრთან შეხვედრა ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ორგანიზებით,

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა, სადაც ოკუპაციის მუზეუმშია გახსნილი.

სხვა სიახლეები