საქართველო - ირლანდიის რაგბის მატჩზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ტიფლოკომენტატორი იმუშავებს

  • 17 ივნისი 16:03
  • 724

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, რაგბის მატჩზე უსინათლოთათვის ტიფლოკომენტატორი (უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირება) იმუშავებს.

„საქართველო - ირლანდიის დაპირისპირებას მიხეილ მესხის სტადიონზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ცნობილი კომენტატორი, ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.

ტიფლოკომენტატორი მატჩის მსვლელობისას დეტალურად აღწერს როგორც მოედანზე, ასევე მთლიანად სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს, რაც დაეხმარება უსინათლოებს აღქმაში. აპარატურის სიხშირე მთელ სტადიონს ფარავს, ამდენად უსინათლოთათვის სპეციალურად ადგილების გამოყოფა საჭირო არაა. სიხშირის მისაღებად გულშემატკივრებს მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინდივიდუალური ყურსასმენი ჭირდებათ“, - აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირთან და თბილისის მერიასთან ერთად განახორციელა შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ორგანიზაცია „მომავალი იწყება დღეს“.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც ხვალ ახალგაზრდა ქართველი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს მე-9 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან, პროგრამის ტესტირება გაიმართა, რასაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მსოფლიო რაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები უსინათლოებთან ერთად დაესწრნენ.

სამინისტროს უნფორმაციით, ტიფლოკომენტირების პროგრამა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ერთი წლის წინ დანერგა; კომენტატორები უცხოელმა ტრენერებმა მოამზადეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამით (ტიფლოკომენტირებით) პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა.

ახალი ამბები

3381 სტატია

სხვა სიახლეები