"ბორჯომი" ალუმინის ქილებითაც გაიყიდება

  • 16 ივნისი 20:17
  • 1089

მინერალური წყალი "ბორჯომი" ალუმინის ქილებითაც გაიყიდება. "ბორჯომის" პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი ამოქმედდა, რომლის გაშვებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, გიორგი გახარიამ იტალიური კომპანია CFT-ის მიერ წარმოებული ჩამომსხმელი ხაზი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტორთან, ზაზა კიკვაძესთან ერთად დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ხაზი, რომელიც ბორჯომს 0.33- ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოასხამს, სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. მათივე ცნობით, კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5- მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.

„კომპანია „ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით, დღეს ჩვენ ვნახეთ და გავხსენით ახალი პროდუქციის ხაზი, რომელიც ჩამოასხმას "ბორჯომს" ალუმინის ქილებში. რთულია "ბორჯომს" ინოვაციური დაუძახო, მაგრამ ამ პროდუქტის მიწოდება და მარკეტინგი არის აბსოლუტურად ინოვაციური. არ არის იმის ახსნა საჭირო, რას ნიშნავს კომპანია „ბორჯომი“ ქართული ექსპორტისა თუ ეკონომიკისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ასევე ქართულ ექსპორტს. მართლაც კარგი პროდუქტია და დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებებლიც სათანადოდ შეაფასებს ალუმინის ქილაში ჩამოსხმულ "ბორჯომს“, – აღნიშნა მედიის წარმოამდგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთერთი მაგალითიც სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა.

„კვლევები, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ცხადყოფდა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ასეთ შეფუთვაზე. ჩვენ ვუპასუხეთ მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს „ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე წარმოებაშია. ალუმინის შეფუთვა გაცილებით ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი“, – აღნიშნა ზაზა კიკვაძემ.

სამინისტროს ცნობით, მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“  0.33-ლიტრიანი ალუმინის ქილებით გაყიდვაში მალე გამოჩნდება.

 

 

სხვა სიახლეები