ქართული ტექნოლოგიური სტარტაპები, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ

  • 15 ივნისი 13:36
  • 1462

21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება. 

მსოფლიოში არაერთი ტექნოლოგიური სიახლე ინერგება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას განსაკუთრებით მარტივს ხდის. არც საქართველოა ამ მხირვ გამონაკლისი. დღეს უკვე ბაზარზე არაერთი სტარტაპი შეგხვდებათ,რომელიც მაღალტექნოლოგიურ სეგმენტში ოპერირებს და ინოვაციურ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: 

Augep 

Augep არის პირველი მობილური აპლიკაცია გაფართოებულ რეალობაში, ეს არის რესტორნის მენიუ, რომელიც მომხმარებელს ეხმარება მიიღოს რელევანტური გადაწყვეტილება კერძის შერჩევისას. ვინაიდან, რესტორნის სტუმრობისას ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომ კერძების დასახელებები ამომწურავ ინფორმაციას არ გვაწვდის კერძის ვიზუალის, ინგრედიენტების და კალორიების შესახებ. კომპანია მუშაობს B2B მიმართულებით და კომპანიის ძირითადი მომხმარებლები რესტორნები არიან. 

gocha! 

აპლიკაცია, პირველ რიგში, შექმნილია მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით. შესაბამისად, ეს არ არის რუკა, რომელიც პოტენციურად მძღოლის ყურადღებას გადაიტანს მართვისგან. აუდიო შეტყობინება ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გზაა ინფორმაციის მისაწოდებლად. ცნობილია, რომ რადარებს აყენებენ ყველაზე სახიფათო ადგილებში, რომლის მიზანია უსაფრთხოების დაცვა და არა მძღოლების დაჯარიმება. „გოჩა“ კი თავისი წინასწარი შეტყობინების ფუნქციით უსაფრთხოების ხარისხს ამაღლებს. აპლიკაციის მომხმარებელი წინასწარ ანელებს სიჩქარეს ყველა რადართან მიახლოვებისას. შედეგად, ყველა დაცული და კმაყოფილია. 

Cnick 

სტარტაპის შემქმენელებს პროექტის იდეა უნივერსიტეტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე გაუჩნდათ. მათ სურდათ, ისეთი რამის მოფიქრება, რაც საფულის ამოღებისა და ბარათის მოძებნის ნაცვლად, ხელის ერთი მოძრაობით გაატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც, თავდაპირველად, მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა. 

„სტარტაპის წამოწყებისას დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდით ტექნოლოგიებს, ვფიქრობდით სხვადასხვა იდეებზე და ვცდილობდით, ჩვენი ბეჭედი რაც შეიძლება მოსახერხებელი და მრავალფუნქციური ყოფილიყო. ვადნობდით მეტრომანსა და „თიბისის“ სტიკერს, რათა შემდეგ 3D პრინტერით ამობეჭდილ ბეჭედში ჩაგვედო, გადაგვეხადა მაღაზიებში და გვემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

დღესდღეობით, ჩვენმა პროტოტიპებმა, ამ და სხვა ფუნქციების მეშვეობით, სრულიად ჩაანაცვლეს ჩვენი საფულე და ძალიან გაგვიმარტივეს ყოველდღიურობა. ამის შემდეგ, დავიწყეთ მომწოდებლების მოძიება. საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საზღვარგარეთ სპეც-შეკვეთით გვიმზადებენ იმ ტიპის მეხსიერების ბარათს, რომელიც სრულიად მოერგება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს“, - აცხადებენ სტარტაპის ავტორები. 

Fotorator 

პროექტ Fotorator-ზე გუნდმა მუშაობა დაიწყო 2014 წელს. პირველი პროტოტიპის შექმნისთანავე გამოჩნდა კლიენტი, რომელმაც შეკვეთა პირველი 7 ფოტორატორის შეძენაზე გასცა. ამის შემდეგ სულ გაიყიდა 14 ერთეული, მათ შორის დუბაიში, მოსკოვში, სოჭში, ლონდონში, თბილისში. Fotorator-ის ფუნქციონალი საკმაოდ დახვეწილია და განსხვავდება ფოტო ბეჭდვის აპარატებისგან, მას შეუძლია ფოტო დაბეჭდოს „ინსტაგრამიდან“, ბლუთუსის მეშვეობით, აქვს ასევე ინტეგრირებული კამერა განათებით. ანალოგებთან შედარებით, Fotorator-ს აქვს დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი და არის მსუბუქია ტრანსპორტირებისთვის. ეს უპირატესობები მას საინტერესოს და მიმზიდველს ხდის კლიენტისთვის. ამ ეტაპზე, გუნდი მუშაობს ახალი ფუნქციონალების შექმნასა და დახვეწაზე. ასევე, გუნდი პროდუქტის რეალიზაციისთვის ახალ ბაზრებსაც ეძებს. 

Hand4help 

Hand4help ავითარებს დაბალდანახარჯიან, მრავალფუნქციურ პროთეზებს, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება პროთეზირების საჭიროების მქონე პირთათვის. გუნდის მთავარი მიზანია, განავითაროს იაფი პროთეზი დღესდღეობით არსებულ მოწყობილობებთან შედარებით და ამავდროულად ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილი, რომელიც არამხოლოდ რეალურ ხელს მიემსგავსება ფუნქციონირებით, არამედ მეტ შესაძლებლობებს გაუხსნის მომხმარებლებს. მოწყობილობა ფუნქციონირებს კუნთის სენსორის მეშვეობით. ის მზადდება 3D პრინტერის გამოყენებით. პროტეზი არის მრავალფუნქციური და მას აქვს სხვადასხვა ჭკვიანი ფუნქციები (RFID და Bluetooth კონტროლი, კლავიშებიან საკრავზე დაკვრის ფუნქცია). მაგალითად, მის კონკრეტულ RFID-თან მიახლოებისას, მომხმარებელი შეძლებს ხელის, „მაუსად“ გამოყენებას. ასევე შეუძლია ჩართოს კლავიშებიანი საკრავის რეჟიმი და თავისუფლად დაუკრას პროთეზის მეშვეობით. პროტეზს შეუძლია კომპიუტერთან და სმარტფინთან ინტერაქცია და მოწყობილობების მართვა. 

Aliengreen 

კომპანია "ელიენ გრინ" დაარსდა 2016 წელს. ჩვენ ყოველთვიურად ვიხდიდით მაღალ გადასახადს ცენტრალურ გათბობაზე, ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს თერმოსტატები, თუმცა აღმოჩნდა რომ, ევროპული თერმოსტატის შემთხვევაში ფასი იყო მაღალი და ასევე არანაირი გარანტია არ არსებობდა საქართველოს ბაზარზე არსებულ ქვაბებთან თავსებადობის, ხოლო სხვა თერმოსტატები ოთახის გადამცემ სენსორთან დაკავშირებული იყო კაბელით რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნიდა. ამიტომ „ელიენ გრინმა“ გადაწყვიტა საკუთარი რესურსის გამოყენებით დაემზადებინა wi-fi თერმოსტატი. აღნიშნული ტექნოლოგია ხარჯების 40%-ით შემცირების საშუალებას იძლევა. 

lingwing 

www.lingwing.com არის უახლესი ტექნოლოგიებით და ალგორითმებით შექმნილი უცხო ენების შესასწავლი ონლაინ პლატფორმა. ის განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს ახალი ენის შესწავლა და სწრაფად საუბრის დაწყება, ადრე ნასწავლი ენის გახსენება, ცოდნის გაუმჯობესება ან გამოცდისთვის მომზადება. www.lingwing.com – ის გუნდს 6 წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. გუნდის მიერ ადრე შექმნილ საიტზე (www.teach.ge) 100 000 მომხმარებელი არის დარეგისტრირებული. სწორედ ამ საიტის ბაზაზე შეიქმნა ახალი, გლობალური პლატფორმა - www.lingwing.com. დღეისათვის დასრულებულია პროექტის ძირითადი ნაწილი. გრძელდება პროექტზე მუშაობა და მისი სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოძიება. ამ ეტაპზე საქართველოში მოპოვებულია ჯამში 450 000 ლარზე მეტი დაფინანსება. 

#სტარტაპერი #გვეამაყები

სხვა სიახლეები