საგარეო უწყება: მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

  • 19 მაისი 18:38
  • 427

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიქოზიაში გამართულ მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მაისს ნიქოზიაში გამართულ ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე. ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო განზომილებაში გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე.

„მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა - საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტებია.

მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველომ თანმიმდევრული და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ მიჰყავს.

საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განზომილებაში.

ეს დამსახურებელი პროგრესი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის და ასევე სტიმული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა შემდგომი დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ამჟამად ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ხსენებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

სამინისტროს განცხადებით, აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა საზოგადოების ყველაზე სუსტი ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა პორტუგალიის, ლატვიისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.

ახალი ამბები

3692 სტატია

სხვა სიახლეები