სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია განცხადებას ავრცელებს

  • 19 მაისი 15:47
  • 1783

ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც წოწორია აღნიშნავს, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მისი ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკავშირდება მის საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

”18 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში”, - ნათქვამია წოწორიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა სიახლეები