„ჯი ემ არ“-ი ქართული არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • 17 მაისი 18:07
  • 1585

კომპანია „ჯი ემ არ“-ი ქართული არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

„მრავალი წელია საკაბელო ოპერატორები გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ თავის აბონენტებს აწვდიან სატელევიზიო არხების სხვადასხვა პაკეტებს და ასევე რიგი ოპერატორებისა, გადახვევის სერვისს. იმ პირობებში, როდესაც ქართული არხების ყურებადობა ჯამში აღწევს 90%-ს, საკაბელო ოპერატორები ფულს უხდიან უცხოურ არხებს, ხოლო ქართული არხების შემოსავალი მთელი ამ წლების განმავლობაში ნულოვანია. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა არ შეესაბამება არც ბაზრის და არც სამართლიანობის პრინციპებს, რის გამოც ტელეკომპანიებმა, „იმედი“, „GDS“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“, მიიღეს გადაწყვეტილება, კომერციული პირობებით გადასცენ საკაბელო ოპერატორების რეტრანსლაციის უფლება კომპანია „ჯი-ემ-არ“-ს, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაიწყო მოლაპარაკებები საკაბელო ოპერატორებთან ზემოხსენებული ანომალიური სიტუაციის გამოსასწორებლად. 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ექნებათ საშუალება უფასოდ მიიღონ აღნიშნული არხების სიგნალი, იმ პლატფორმებიდან (მულტიფლექსი, თანამგზავრული სისტემები) რომლებიც არ თხოვენ დამატებით ანაზღაურებას თავის მომხმარებლებს. მაგრამ, ის ოპერატორები, რომლებიც ქართული ტელეკომპანიების მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებითა და გადახვევის სერვისით იღებენ შემოსავალს, მოგების გარკვეულ ნაწილს უნდა უხდიდნენ კონტენტის შემქმნელებს. 

მოხდება ეს აბონენტისთვის ტარიფის გაზრდით, საკაბელო ოპერატორების მოგების მარჟის შემცირებით, თუ საკუთარი სხვაგვარი კომერციული კონფიგურაციის მეშვეობით, არც ჩვენი კომპანიის და არც ტელემაუწყებლების ინტერესის საგანს და უფლებამოსილების სფეროს არ წარმოადგენს,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა სიახლეები