კახეთში დღეს "მსოფლიო რბენა" გაიმართება

  • 07 მაისი 11:17
  • 2467

კახეთში დღეს   "მსოფლიო რბენა" გაიმართება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპორტული ღონისძიება წელს სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში მოეწყობა. 

მათივე ინფორმაციით,  წელს საქართველოში “მსოფლიო რბენაში“  5 000 მონაწილე დარეგისტრირდა. 

"მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 7 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა"-აცხადებენ სამინისტროში. 

მათივე ცნობით, საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

"შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება. მსოფლიო რბენა - 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პირველად გაიმართება Check in Georgia-ს ფარგლებში.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს, მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან"-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, პროექტი  ძალიან მნიშვნელოვანია. 

"მნიშვნელოვანია, რომ წელს გარბენი სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ეს ღონისძიება ერთის მხრივ, გახლავთ ჯანსაღი წესის ცხოვრების პოპულარიზაცია და მეორეს მხრივ, საქველმოქმედო პროექტი, რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება. უამრავი ადამიანი მიიღებს დახმარებას ამ პროექტის მეშვეობით.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის მხარდაჭერა, რომელშიც უამრავი ადამიანი ჩაერთვება“.- განაცხადა მინისტრმა. 

სამინისტროს ცნობით, საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპრტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, კალათბურთელები კოტე ტუღუში და რეზი როგავა, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარალიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენლები თამარ გელაშვილი და გიგა ძულიაშვილი. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები აჩიკო გულედანი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა „ექიმების" ის წამყვანი ლევან ხარაშვილი, ცნობილი სახეები ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, რუსკა მაყაშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი.

სხვა სიახლეები