თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი მაისში გაიხსნება

  • 05 მაისი 14:10
  • 2728

რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული კომპლექსი მაისში გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მშენებლობის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. 

„დასასრულს უახლოვდება ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა მუხიანის ტერიტორიაზე. სპორტის მინისტრთან ერთად ვახორციელებთ მშენებლობის მონიტორინგს, რომელიც უახლოეს 20 დღეში დასრულდება, დასუფთავდება ტერიტორია და შემდეგ უკვე მზად იქნება იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს ახალგაზრდულ რაგბში. მნიშვნელოვანია პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით ამ ტერიტორიისთვის, ვინაიდან, ასეთი ბაზა აქ პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ, ჩვენი პატარების და ჩვენი მომავლის სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებაში ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მლნ. ლარამდე დაიხარჯება,“- განაცხადა თბილისის მერმა. 

გლდანში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალ სავარჯიშო კომპლექსში უკვე აშენებულია - ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნები და სავარჯიშო დარბაზი. მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობა. 

სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული : ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსში მდებარე სავარჯიშო დარბაზი სულ მალე სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენებულია 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. 

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება. 

სარაგბო კომპლექსში დღესვე თბილისის მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.

სხვა სიახლეები