NBA. ვინ მიდის ფაჩულიასთან?

  • 04 ივლისი 2012, 11:20
  • 5231

„ატლანტაში“ რაღაცეები იცვლება. დიდმა ბოსებმა პატარა ბოსებს დაუძახეს, ყური აუწიეს, პერსპექტივაზე ილაპარაკეს და წავიდა გაცვლები. ზაზა ფაჩულიას ატლანტაში ახალი „ატლანტა„ დახვდება. ძველზე უკეთესი თუ უარესი, სხვა თემაა. უბრალოდ, ახალი და ალბათ, ამ „ჰოქსის“ მომავალ ვიზუალში ჩვენი ცენტრიც ჯდება. ზაზა საქართველოს ნაკრებთან ერთად საქმეს გააკეთებს, ბოსნიებს და ლატვიებს წაესპარინგება და მერე რეალური გარჩევები წავა. გარჩევები ამერიკული რესტლინგის ელემენტებით. ერთ–ერთზე გარჩევები და ფაჩულიამ მეტი დრო უნდა მიიღოს. ყველა ვარიანტში მიიღებს.

„ატლანტაში“ დენი ფერი მივიდა. კარგი მოთამაშე, კარგი ფუნქციონერი და სასიამოვნო მოსაუბრე. „ჰოქსის“ ორგანიზაციამ დენის გენერალური მენეჯერის პიჯაკი ათხოვა და თუ მისტერ ფერი შედეგს მოიტანს, ჯიბის ფულად რამდენიმე მილიონ დოლარსაც დაუტოვებენ.

ფერიმ ადრე, ლებრონის დროს, „კლივლენდის“ გენერალური მენეჯერი იყო. შვიდი წლის წინ ფერიმ რამდენიმე საინტერესო და მოქნილი ტრანსფერი ხია. გუნდმა გახსნა ბანკი და ბევრწლიანი კონტრაქტებით დაიტოვა, დაიმატა, წამოიყვანა ჟიდრუნას ილგაუსკასი, დონიელ მარშალი და ლარი ჰიუზი. ილგაუსკასი კლივლენდში პოპულარული ბიჭი იყო და ლიტველი გიგანტის იმპოტენცია სიყვარულით გადაიფარა. დონი მარშალი იმ მომენტში მეექვსე კაცია და ფერისგან პირველი ხუთეულის ლიდერის ხელფასს იღებს. დენიმ აქ იაღლიში დაუშვა. ლარი ჰიუზი ცუდი გუნდის ცუდი ალენ აივერსონი იყო. ჰიუზმა ჯანმრთელი გუნდი მოწამლა. ჰიუზთან ერთად „კლივლენდი“ შეიცვალა. გუნდური გუნდი დაიშალა.  ფერის პიჯაკი წაართვეს, რბილი სავარძელი გამოაცალეს, „სექსი პლაჟზე“ არ შეარგეს და გააგდეს. დენი დაბრუნდა სან ანტონიოში, გრეგ პოპოვიჩთან. დღეს დენი ატლანტაში ახალ „ატლანტას“ კრავს.

“ატლანტამ” გაუშვა ჯო ჯონსონი და ბევრი მილიონი დოლარი დაზოგა. მისტერ ჯონსონი მიდის „ბრუკლინში” მიხაილ პროხოროვთან. „ჰოქსში“ დაიძრა პატარა ურემი, რომელზეც ენტონი მოროუ, ჯორდან ფარმარი, დეშონ სტივენსონი, იოჰან პეტრო და ჯორდან უილიამსი შეაგდეს. „ატლანტამ“ ნორმალური ბიჭები მიიღო და პროხოროვმა რეალური ჰიტმენი დაირტყა. ცოტა გაცვეთილი და მოხუცი (31), მაგრამ მაინც შემსრულებელი.

ჯონსონმა ბრუკლინში მიმდინარე კონტრაქტი წაიღო. პროხოროვის შტაბმა მსროლელს შემდეგ ოთხ სეზონში 90 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს. სერიოზული კუშია. ჯონსონისთვის სერიოზული. „ატლანტა“ უჯონსონოდ უფრო მოქნილი სატრანსფერო მანქანა გახდა. დენი ფერიმ კიდევ ერთი ტრანსფერი მოაგვარა – „ატლანტამ“ ფორვარდი მარვინ უილიამსი „იუტას“ მისცა და კარგი ფლეიმეიქერი, დევინ ჰარისი მიიღო. სტანდარტული, კლასიკური გაცვლა. სტანდარტული, უმუღამო პერსპექტივით. უილიამსი „ჰოქსში“ ბალასტი იყო და ჰარისმა ძირითადი პირველი ნომერი, ჯეფ ტიგი უნდა დაასვენოს. ფერიმ პროცესში მოიგო – ჰარისს მიმდინარე კონტრაქტით ერთ სეზონში 8.5 მილიონი აქვს ასაღები. უილიმასი ორწლიანი ბიჭია, რომელიც გუნდის საბანკო ანგარიშს 15.8 მილიონი დოლარით შეამსუბუქებდა. კარგი გაცვლა.

ჯონსონით და დერონ უილიამსის ახალი, ასმილიონიანი კონტრაქტით, „ბრუკლინი“ დუაიტ ჰოვარდზე ვერ იჩალიჩებს. ყოველ შემთხვევაში, უკვე მაგრად გაუჭირდება.

ჰოვარდის თემა აქტუალურია ატლანტაში. შემდეგ სეზონში გუნდს საბანკო ანგარიშზე სადღაც, 24 მილიონი დოლარი ედება. თავისუფალი, დასახარჯი 24 მილიონი. ჰოვარდი ერთ სეზონში სადღაც, 27 მილიონს ითხოვს. დუაიტი 27 მილიონი არ ღირს და ითხოვს. უცენტრო ლიგაში ჰოვარდი უილტ ჩემბერლენი, ქარიმი, შაკი და ბილ რასელია. „ატლანტამ“ უნდა გარისკოს და ჰოვარდს ყველაფერი მისცეს. რასაც დუაიტი მოითხოვს. პროცესში, თუ „ორლანდომ“ გაცვლა მოითხოვა, „ატლანტას“ ჰოვარდში გემრიელ ტვიქსს გაცვლის – ფორვარდ/ცენტრი ალ ჰორფორდი და პირველი ნომერი ჯეფ ტიგი. „ორლანდოსთვის“ ნორმალური ვარიანტი.

პარალელურად, „ბრუკლინმა“ 40 მილიონით დაიტოვა ჯერალდ უოლასი. 50 მილიონ გუნდი ბრუქ ლოპესში გადაიხდის. ლოპესი ვერ ქაჩავს ჰოვარდამდე და მაინც ნორმალური, მოქნილი ცენტრია. ცოტა ხსნის, საერთოდ ვერავის ვერ უფარებს და უნდა ითამაშოს. „ბრუკლინი“ საინტერესო ბენდი იქნება. ვიღაცამ სოლო უნდა შეუბეროს და სოლოისტი დერონ უილიამსი იქნება. დერონი უფრო საქსოფონისტი იქნება. პროხოროვის კოტონ ქლაბში კარგი ჯაზი წავა.

ეს „ატლანტაც“ ადრე, შვიდი წლის წინ მოიყვანეს აზრზე. 2005–ში დენი ფერიმ ლებრონ ჯეიმსს ძვირი ბალასტი აჩუქა. 2005–ში „ატლანტამ“ „ფინიქსიდან“ ჯო ჯონსონი წამოიყვანა და ჯეკპოტი მოხსნა. იდეაში, უნდა მოეხსნა და რეალურად, გუნდმა ბევრი მილიონი დოლარი და შვიდი სეზონი დაკარგა. ჯონსონი მეორე ეშელონის ვარსკვლავი იყო და კობი ბრაიანტის ხელფასზე იჯდა. უხერხული თემაა. 2005–ში „ატლანტამ“ უფრო ცუდი სვლა გააკეთა და დრაფტზე მარვინ უილიამსი აირჩია. იქვე იყო კრის პოლი და „ჰოქსის“ ბოსებმა უილიამსს გაუცინეს. უილიამსმა „ჰოქსის“ ბოსებს თვალი ჩაუკრა და ერთჯერადმა ბიჭმა ბევრჯერადი კონტრაქტი მიიღო.

„ატლანტაში“ ახალი ერა იწყება. ერა მაიკ ბიბის პენსიონერული წუწუნის, ჯონსონის წუწკი ქვითინის და ჯოშ სმიტის ტრანსფერზე ჭორაობის გარეშე. სმიტი გუნდში რჩება, ნაკლებ სამიანს გაუშვებს და მოუმატებს. ბიჭი ლიდერი იქნება. ალ ჰორფორდთან ერთად. თუ ბოსები და დენი ფერი ჰორფორდს ჰოვარდის ტრანსფერში არ ჩააგდებენ. სმიტი ყველა ვარიანტში „ატლანტაში“ დარჩება. თუ გუნდი ჯეფ ტიგსაც შეინარჩუნებს, ფლეიმეიქერს შემდეგ სეზონში ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ. სეზონში 7 მილიონად ტიგის დატოვება ნორმალური ვარიანტია.

ახალი „ატლანტა“ ნორმალური გუნდია. უჰოვარდოდ და იმ ბიჭებთან ერთად, ვინც ბოსებმა მოიწონეს. New Hawks.

პატარები – ჯეფ ტიგი, დევინ ჰარისი, ჯონ ჯენკინსი, ჯორდან ფარმარი (რომლის კონტრაქტს გუნდი იყიდის და ჯორდანს გაუშვებენ) ენტონი მოროუ და დეშონ სტივენსონი.

ფორვარდები – ჯოშ სმიტი, ჯორდან უილიამსი, იოჰან პეტრო, აივენ ჯონსონი, მაიკ სკოტი.

ცენტრები – ალ ჰორფორდი, ზაზა ფაჩულია.

”ატლანტას” იდეალური სასტარტო ხუთეული – ჰარისი, ტიგი, სმიტი, ჰორფორდი და ზაზა ფაჩულია. ჰარისი მეორე ნომერზე და ჰორფორდი – მეოთხეზე. ზაზამ იცენტროს და სმიტმა პრობლემები მოაგვაროს. საინტერესო ხუთეულია. რეალურად საინტერესო. შემოვლენ ჯონსონი, მოროუ და ჯენკინსი. ახალი „ატლანტა“ უფრო სწრაფი, ერუდირებული კალათბურთით მოიგებს. ზაზაც მეტ წუთს მიიღებს.

თუ ატლანტაში მისტერ ჰოვარდი არ წავა.

„ატლანტაში“ რაღაცეები შეიცვალა. დიდმა ბოსებმა პერსპექტივაზე ილაპარაკეს და წავიდა გაცვლები. ზაზა ფაჩულიას ატლანტაში ახალი „ატლანტა” დახვდება. ძველზე უკეთესი თუ უარესი, სხვა თემაა. უბრალოდ, ახალი და  ამ „ჰოქსის“ მომავალ ვიზუალში ჩვენი ცენტრიც ჯდება. ზაზა საქართველოს ნაკრებთან ერთად საქმეს გააკეთებს, ბოსნიებს და ლატვიებს წაესპარინგება და მერე რეალური გარჩევები წავა. გარჩევები ამერიკული რესტლინგის ელემენტებით. ერთ–ერთზე გარჩევები და ფაჩულიამ მეტი დრო უნდა მიიღოს. ყველა ვარიანტში მიიღებს. 

სხვა სიახლეები