გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

  • 21 აპრილი 11:16
  • 338

პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სხვა სიახლეები